რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: დასავლეთის სანქციების გამო მსოფლიო სასურსათო კრიზისშია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთმა უნდა აკონტროლოს მტრულად განწყობილ ქვეყნებში სურსათის ექსპორტი, რადგან დასავლეთის სანქციებმა გლობალური სასურსათო კრიზისი და ენერგიის ფასების სპირალური ზრდა გამოიწვია. 

დასავლეთის სანქციებმა რუსეთი 1991 წლის საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა, თუმცა, მოსკოვი ამბობს, რომ სანქციების გლობალური გავლენა უფრო დამანგრეველი იქნება.

პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ ენერგორესურსების გაძვირება და სასურსათო პროდუქციის ნაკლებობა განვითარებულ ქვეყნებს აიძულებს მეტი ფული დაბეჭდონ, რაც ღარიბ ქვეყნებში საკვების დეფიციტს გამოიწვევს. 

"ეს გარემოებები აუცილებლად გაამწვავებს სურსათის დეფიციტს მსოფლიოს უღარიბეს რეგიონებში, წაახალისებს მიგრაციის ახალ ტალღებს და საკვების ფასებს კიდევ უფრო გაზრდის". - თქვა ვლადიმირ პუტინმა. 

ამასთან დაკავშირებით გასულ კვირას რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ მომავალში რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი მხოლოდ მეგობრულ სახელმწიფოებში მოხდება. 

რუსეთი მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია, რომელიც ძირითადად აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთს ამარაგებს. რუსეთი ასევე კალიუმის, ფოსფატის და აზოტის შემცველი სასუქების - ძირითადი მოსავლისა და ნიადაგის საკვები ნივთიერებების - მთავარი მწარმოებელია.

ასევე, მას შემდეგ, რაც გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა Gazprom-ის ადგილობრივი საცალო მიწოდების ფილიალის ნაციონალიზაცია დაიწყეს, ვლადიმირ პუტინმა ევროპულ ქვეყნებს მიმართა, რომ მოსკოვი ანალოგიურად უპასუხებს რუსეთის აქტივების ნაციონალიზაციის ნებისმიერ მცდელობას.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები