რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საპატრიარქო ბუჩაზე: ომის სასტიკი "კანონების" მიუხედავად, ეს სიმძიმე ძნელი წარმოსადგენია

"ომის სასტიკი "კანონების" მიუხედავად, ეს სიმძიმე ძნელი წარმოსადგენია". - საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება უკრაინის ქალაქ ბუჩიდან გავრცელებულ კადრებს, რომლებზეც ჩანს, რომ რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეები ქუჩებში დახოცეს.

"ვრცელდება უამრავი ვიდეო და ფოტომასალა უკრაინაში, ქ. ბუჩაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილიდან.

მიუხედავად ომის სასტიკი "კანონებისა", მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას.

გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი და მწუხარება იმ ტრაგედიის გამო, რაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის ვითარებაში ხდება, განსაკუთრებით მძიმეა მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობის ხილვა.

თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და ვლოცულობთ მათთვის.

დაე, უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს კი მომადლოს მშვიდობა!" - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.  

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს

კიევის ოლქში ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა კონტროლი ეტაპობრივად დაიბრუნეს. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების ქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კი საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები