რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოლდოვა: დნესტრისპირეთში სამხედრო დანაყოფების მობილიზაცია არ დასტურდება

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრანსნისტრიის რეგიონში, ე.წ დნესტრისპირეთის მოლდავურ რესპუბლიკაში რუსული სამხედრო დანაყოფების მობილიზაციის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

"მოლდოვის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ყურადღებით აკვირდებიან უსაფრთხოების მდგომარეობას რეგიონში.

ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს ტრანსნისტრიის რეგიონში სამხედრო დანაყოფების მობილიზაციას. გაგრძელდება დაკვირვება და გაიცვლება ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება." - ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე დნესტრისპირეთში რუსული ძალების შესაძლო მობილიზაციის შესახებ ინფორმაცია უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა.

"შემჩნეულია ე.წ დნესტრისპირეთის მოლდავურ რესპუბლიკაში რუსული ჯარების და ქვედანაყოფების გადაადგილება, რისი მიზანიც შეტევისთვის მზადყოფნის დემონსტრირება და, შესაძლოა, უკრაინის საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებებია" - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები