რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

The Times: უკრაინამ პირველად რუსეთთან ომში Starstreak-ის სისტემა წარმატებით გამოიყენა

Starstreak-ის სისტემა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთთან ომში პირველად Starstreak-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა წარმატებით გამოიყენეს. დიდი ბრიტანეთის მიერ გადაცემული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქში რუსული ვერტმფრენი Mi-28N ჩამოაგდეს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ვიდეოში ჩანს, რომ Strastreak-ით იერიშის შედეგად ვერტმფრენის კუდი დაზიანდა და ვერტმფრენი ჩამოვარდა. გამოცემა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროდან წყაროს ეყრდნობა.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას, დაახლოებით, ერთი კვირის წინ გადასცა. Starstreak-ის სისტემის გამოყენება შეიძლება ვერტმფრენების, დაბალ სიმაღლეზე მფრენი ავიაგამანადგურებლებისა და უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ, რომლებიც, დაახლოებით, 6 კილომეტრის სიმაღლეზე დაფრინავენ. 

ბრიტანეთის არმია ამ სისტემას 1997 წლიდან იყენებს. თავდაპირველად ის ტრანსპორტიორებზე მაგრდებოდა, ბოლო დროში კი ქვეითების მიერაც გამოიყენება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები