კეზერაშვილის საქმე

სასამართლომ კეზერაშვილსა და ნინუას თავდაცვის სამინისტროსთვის €5 060 000-ის ანაზღაურება დააკისრა

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და მისი მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას სამინისტროს სასარგებლოდ €5 060 000-ის ანაზღაურება დააკისრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი. 

საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი". – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრომ დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 2021 წლის სექტემბერში შეიტანა.

2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ კეზერაშვილს თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. ეს საქმეზე პირველი გამამტყუნებელი განაჩენია. 

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე სასამართლო წარმოება 2021 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განაახლა. სასამართლომ განიხილა ე.წ წვრთნების საქმე, რომელზეც ორმა სასამართლო ინსტანციამ დავით კეზერაშვილი უკვე გაამართლა. 

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

კომენტარები