კეზერაშვილის საქმე

თავდაცვის სამინისტრო: TV ფორმულას წილის დაყადაღების მოთხოვნა არც დაგვიშვია

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო თავასივე დაწყებულ დავას, უწყების ყოფილი მინისტრის და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ეხმაურება და განმარტავს, რომ სამინისტროს "არც კი დაუშვია იმის ალბათობა", რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა TV ფორმულას წილის დაყადაღება.

"თავდაცვის უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, აღკვეთოს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ დავით კეზერაშვილი თავის კომპანიებს აფინანსებს სახელმწიფოსგან მიტაცებული თანხებით, რომლებიც სახელმწიფოსთვის საზიანო საქმიანობას ეწევიან, თავდაცვის უწყება კარგად იაზრებს დემოკრატიულ ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება. მითუმეტეს, როდესაც დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს". – ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 30 სეტქემბერს, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, "თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით". 

2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ კეზერაშვილს თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. ეს საქმეზე პირველი გამატყუნებელი განაჩენია. 

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე სასამართლო წარმოება 2021 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განაახლა. სასამართლომ განიხილა ე.წ წვრთნების საქმე, რომელზეც ორმა სასამართლო ინსტანციამ დავით კეზერაშვილი უკვე გაამართლა. 

ადვოკატის, გიორგი გელხაურის შეფასებით, არჩევნების წინ ძველი საქმის განხილვის გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ მედიაზე ზეწოლას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმის მოსამართლე, შალვა თადუმაძე 3 წლის წინ, ამ საქმის განხილვის დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

კომენტარები