კეზერაშვილის საქმე

მედიაკოალიცია: კეზერაშვილის წინააღმდეგ დავა ფორმულაზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად

დავით კეზერაშვილი

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩმნევს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარმოებული დავა ფორმულაზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. მათივე თქმით, ზოგადად, წინასაარჩევნო პერიოდში მის მიმართ მიმდინარე პროცესები, კრიტიკულ ტელევიზიაზე ზეწოლაა.

"დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია ფორმულას 51% მფლობელი და მისი მსხვილი დამფინანსებელია. სამწუხაროდ, ფორმულას წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გახდნენ მუქარისა თუ აგრესიული რიტორიკის ადრესატები. აღსანიშნავია ასევე, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ფორმულას ჟურნალისტების უსაფრთხებას და არ აქვს კანონით დადგენილი რეაგირება მათზე თავდასხმისა თუ მუქარის შემთხვევებში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე მედიის მფლობელის წინააღმდეგ წამოწყებული სამართლებრივი დავა აძლიერებს ეჭვს, რომ ხელისუფლება მედიის შევიწროებასა და მასზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს, რაც ქვეყანაში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ნაწილია". – ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს, 30 სეტქემბერს, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, "თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით". 

2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ კეზერაშვილს თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. ეს საქმეზე პირველი გამატყუნებელი განაჩენია. 

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე სასამართლო წარმოება 2021 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განაახლა. სასამართლომ განიხილა ე.წ წვრთნების საქმე, რომელზეც ორმა სასამართლო ინსტანციამ დავით კეზერაშვილი უკვე გაამართლა. 

ადვოკატის, გიორგი გელხაურის შეფასებით, არჩევნების წინ ძველი საქმის განხილვის გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ მედიაზე ზეწოლას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმის მოსამართლე, შალვა თადუმაძე 3 წლის წინ, ამ საქმის განხილვის დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

კომენტარები