კეზერაშვილის საქმე

თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას უჩივის

Facebook.com

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, "თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით".

"აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები, დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად.

სასამართლოების სამი ინსტანციის განაჩენებით დადგენილია, რომ ალექსანდრე ნინუას მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებიტორულ დავალიანებად დაერიცხა 5 060 000 ევრო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო დავით კეზერაშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები. აღნიშნული საქმე შეეხება მხოლოდ ერთ შემთხვევას, როდესაც სახელმწიფოსგან 5 მილიონზე მეტი ევროს მიტაცება მოხდა.

სისხლის სამართლის საქმე არ გახლავთ მხოლოდ კორუფციასთან დაკავშირებული შემთხვევა, რადგან აღნიშნული თანხა უბრალოდ გადარიცხულ იქნა ოფშორულ კომპანიაში, ყოველგვარი საქონლის შეძენისა და მიწოდების გარეშე. ეს ქმედება ნათლად ასახავს იმ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, რასაც წინა ხელისუფლება მიზანმიმართულად ავლენდა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე არ არის მხოლოდ კორუფციული გარიგება, არამედ ეს არის წინა ხელისუფლების მიერ ბიუჯეტიდან ორგანიზებულად თანხის მიტაცების შემთხვევა". - ვკითხულობთ განცხადებაში.  

2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ კეზერაშვილს თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. ეს საქმეზე პირველი გამატყუნებელი განაჩენია. 

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე სასამართლო წარმოება 2021 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განაახლა. სასამართლომ განიხილა ე.წ წვრთნების საქმე, რომელზეც ორმა სასამართლო ინსტანციამ დავით კეზერაშვილი უკვე გაამართლა. 

ადვოკატის, გიორგი გელხაურის შეფასებით, არჩევნების წინ ძველი საქმის განხილვის გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ მედიაზე ზეწოლას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმის მოსამართლე, შალვა თადუმაძე 3 წლის წინ, ამ საქმის განხილვის დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

კომენტარები