კეზერაშვილის საქმე

ბოკერია: ივანიშვილის საქმე ყველას დევნაა, ვინც მას მედიაში პოლიტიკურად პრობლემას უქმნის

გიგა ბოკერია
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია თავდაცვის სამინისტროს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ფორმულას დამფუძნებელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ეხმაურება. ბოკერიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის საქმე იმ ადამიანების დევნაა, ვინც მას მედიაში პოლიტიკურად პრობლემებს უქმნის, ქვეყანაში ყველა მსხვილი მედიის წარმომადგენელს პრობლემა აქვს, კეზერაშვილისა და ფორმულას საქმე კი "იგივე ქმედებების ლოგიკაში ჯდება".

"ამ ოლიგარქიული სისტემისთვის, ავტორიტარული რეჟიმისთვის მნიშვნელოვანია, გზავნილი მაინც ჰქონდეთ, რომ სდევნიან მათ, ვინც პრობლემას უქმნის, უკვე მერე იწყება კონკრეტული მოქმედებების საფრთხე. თავდაცვის სამინისტროს ეს სარჩელი იმ გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, უკვე არის შესაძლებლობა და გზა, რომ მედია ფინანსურად დაახრჩონ. იმ განცხადების მიუხედავად, რაც დღეს გაკეთდა". - ამბობს ბოკერია პალიტრანიუსის ეთერში. 

გიგა ბოკერიას შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიუხედავად, რომ ფორმულას წილის დაყადაღების მოთხოვნა "არც დაუშვიათ", შესაძლოა, უწყებამ ეს გადათქვას, რადგან მათ "სიტყვას ფასი აქვს ნული".

"როდესაც ამდენწლიანი პაუზის შემდეგ, როცა პოლიტიკურად ძალიან რთულ მდგომარეობაშია რეჟიმი, მედიას, რომელიც მისი კონტროლის მიღმა არის, არის კრიტიკული და მზარდი, ამ დროს უხსენებ საქმეს, რომელიც წლებია, დაძინებული გქონდა, გამამტყუნებელი განაჩენი გამოგაქვს იმ სასამართლოში, რომელიც ყველამ ვიცით, რომ კონტროლდება და არაფერი ხდება თავისით, ამან დასკვნა გააჩინა, რომ ეს ყველას მიმართ გზავნილი იყო - რახან პრობლემას გვიქმნი, ამიტომ გდევნით ხელახლა, იმ პირველი დევნის შემდეგ. 

რაც შეეხება განცხადებას, რომლითაც თქვეს, რომ კერძოდ ყადაღის გზას არ მიმართავენ - ჯერ ერთი, ივანიშვილის რეჟიმის ნებისმიერი განშტოების თუ წარმომადგენლის სიტყვას ფასი აქვს ნული, ზეგ თუ გადათქვამენ, რამე პრობლემა შეექმნებათ? ვისთან? პირველად შვრებიან თუ მეორედ? სიტყვები კი არა, საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენო - ივანიშვილის რეჟიმის საქმე არის ყველას დევნა, ვინც მას პოლიტიკურად პრობლემას უქმნის მედიაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა მსხვილი მედიის წარმომადგენელს ან დირექტორს აქვთ პრობლემა - საქმე სასამართლოში, დევნა, ფიზიკური განადგურების საფრთხე და დევნა. ფორმულას და კეზერაშვილის შემთხვევაც ზუსტად იგივე ქმედებების ლოგიკაში ჯდება". - ამბობს გიგა ბოკერია.   

30 სექტემბერს, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, "თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით".  

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, სასამართლოში შეტანილი სარჩელის მთავარი მიზეზი 27 სექტემბერს ტელეკომპანიის ეთერში ნაჩვენები Edison Research-ის კვლევაში ქართული ოცნების შედეგი იყო. კეზერაშვილი კი წერს, რომ ხელისუფლების განზრახვა ტელეკომპანია ფორმულას დახურვაა და თუ ფორმულას დახურავენ, "მაშინვე ახალი გაჩნდება, თავისუფალ სიტყვას ვერ მოერევით". 

საპასუხოდ, განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ. უწყება ამტკიცებს, რომ "არც კი დაუშვია იმის ალბათობა", რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა TV ფორმულას წილის დაყადაღება.


2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ კეზერაშვილს თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. ეს საქმეზე პირველი გამამტყუნებელი განაჩენია. 

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე სასამართლო წარმოება 2021 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განაახლა. სასამართლომ განიხილა ე.წ წვრთნების საქმე, რომელზეც ორმა სასამართლო ინსტანციამ დავით კეზერაშვილი უკვე გაამართლა. 

ადვოკატის, გიორგი გელხაურის შეფასებით, არჩევნების წინ ძველი საქმის განხილვის გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ მედიაზე ზეწოლას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმის მოსამართლე, შალვა თადუმაძე 3 წლის წინ, ამ საქმის განხილვის დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

კომენტარები