რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ვთქვათ, ცოლ-ქმარს შორის რაღაც მოხდა" – მეუფე იოანე რუსეთ-უკრაინის ომს ოჯახის ნგრევას ადარებს

საქართველოს მთავრობა / Facebook

"ბავშვი დაბნეულია, ვის მხარეს დადგეს, არ იცის, კი, დედა უყვარს, დედისკენ არის, მაგრამ მამის გარეშეც არ უნდა იყოს და გული იხლიჩება ბავშვების" - ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ტელეკომპანია რიონის ეთერში რუსეთ-უკრაინის ომს ოჯახის დანგრევას ადარებს.

"იგივე, ოჯახი ინგრევა ვთქვათ, ცოლ-ქმარს შორის რაღაც მოხდა და ახლა რა ქნას იქ... რძალ-დედამთილის პრობლემაა, სიძე-სიმამრის პრობლემაა, შესაძლებელია შერიგება? თუ შესაძლებელია ოჯახი გადარჩეს, ჩვენ გვავიწყდება, რომ ოჯახში ბავშვები არიან, ბავშვების გული სკდება ამით, რომ იქ დედ-მამა ერთმანეთთან ასე არიან, იქ ბებია-ბაბუა ერთი მხრიდან, ბებია-ბაბუა მეორე მხრიდან ერთმანეთთან ასე არიან, ცუდად იხსენებენ, ლანძღავენ და ბავშვი დაბნეულია, ვის მხარეს დადგეს, არ იცის, კი, დედა უყვარს, დედისკენ არის, მაგრამ მამის გარეშეც არ უნდა იყოს და გული იხლიჩება ბავშვების,  ასეა აქაც, მშვიდობიანი მოსახლეობა შეიძლება არ იყოს არავის მიმართ ცუდად განწყობილი, გული გახეთქილი აქვთ, ათასობით, მილიონობით ლტოლვილი გარბის თავისი ქვეყნიდან" - ამბობს მიტროპოლიტი.

იქამდე, მეუფე იოანემ რუსეთ-უკრაინის ომი "ბიძაშვილებს ან ორ ძმას შორის" დაპირისპირებას შეადარა და თქვა, რომ ამ შემთხვევაში, გარშემომყოფები უკრაინას აქეზებენ იმის ნაცვლად, რომ "გააშველონ".

"როცა ორი ძმა, ან ორი მეზობელი ერთმანეთში ჩხუბობენ, გარშემოები აშველებენ ხოლმე, შუაში დგებიან და ცდილობენ დაამშვიდონ, დააწყნარონ, როგორ მოვაგვაროთ, გამოსავალი ვიპოვოთ...

აქ ვხედავთ ცალმხრივ წაქეზებას ერთი მხარის - აი, შენ დამატებითი იარაღი, აი, შენ ფული, კარგია, რომ ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება უკრაინაში და მშვიდობიან მოქალაქეებს, გაჭირვებაში მყოფ ხალხს ეხმარება, მაგრამ იარაღის მიწოდება ამ დროს, ეს არის ნავთის დასხმა ცეცხლზე" - ამბობს მეუფე იოანე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ, ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას, წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ ქალაქ მარიუპოლში რუსების თავდასხმის შედეგად დაახლოებით 5 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, აქედან 210 ბავშვია.

პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები