რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩავუშოღლუ: რუს ოლიგარქებს შეუძლიათ თურქეთში ჩამოსვლა – განვიხილავთ ბიზნესს, თუ კანონიერია

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთში რუსი ოლიგარქებისა და მოქალაქეების ჩასვლას მიესალმებიან, მაგრამ ისინი უნდა დაემორჩილონ საერთაშორისო სამართალს ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობის წარმოების დროს. 

"თუ რუს ოლიგარქებს... ან რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს სურს თურქეთში ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, მათ ეს შეუძლიათ. თუ გულისხმობთ, შეუძლიათ თუ არა ოლიგარქებს ბიზნესსაქმიანობა თურქეთში – რა თქმა უნდა, თუ ეს კანონიერია და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, განვიხილავ. თუ საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, მაშინ ეს სხვა ამბავია". – თქვა ჩავუშოღლუმ დოჰის ფორუმზე დასმული შეკითხვის პასუხად.

თურქეთი აკრიტიკებს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ჩართულია მოლაპარაკებებში, თუმცა ქვეყანა ეწინააღმდეგება NATO-ს წევრების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

რუსმა მილიარდერმა, რომან აბრამოვიჩმა სანქციებისგან თავის ასარიდებლად უკვე მეორე იახტა გადაიყვანა თურქეთში. Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მდიდარი რუსები სანქციებისგან თავის ასარიდებლად ინვესტიციებს თურქეთში გეგმავენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები