რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: უკრაინაში NATO-ს სამშვიდობოების შეყვანა მათ რუსეთთან პირდაპირ შეტაკებამდე მივა

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, თუ NATO უკრაინაში ჯარებს შეიყვანს, ეს გამოიწვევს რუსეთისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალებს შორის პირდაპირ შეტაკებას. 

"ჩვენმა პოლონელმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ მალე იქნება NATO-ს სამიტი, [უკრაინაში] სამშვიდობოების გაგზავნა საჭირო არისო. იმედია, მათ ესმით, რაზეა საუბარი. ეს იქნება რუსეთისა და NATO-ს შეიარაღებული ძალების ის პირდაპირი შეტაკება, რომელსაც არა უბრალოდ გაურბოდნენ, არამედ ამბობდნენ, რომ, პრინციპში, ეს არასდროს უნდა მოხდეს". – თქვა ლავროვმა. 

გასულ კვირაში პოლონეთის პრემიერმინისტრის მოადგილემ, იაროსლავ კაჩინსკიმ, კიევში ვიზიტის დროს, უკრაინაში NATO-ს, ან სხვა სახის საერთაშორისო სამშვიდობო მისიის გაგზავნის იდეა წამოაყენა.

"ვფიქრობ, აუცილებელია სამშვიდობო მისია, NATO-სი, შესაძლოა რაიმე უფრო ფართო საერთაშორისო სტრუქტურაც, მაგრამ მისია, რომელსაც შეეძლება თავდაცვა. რომელიც იმოქმედებს უკრაინის ტერიტორიაზე. ეს იქნება მისია, რომლის მიზანსწრაფვა იქნება მშვიდობა, ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა, თუმცა, ამავდროულად, ის იქნება შეიარაღებული შესაბამისი ძალებით, შეიარაღებული ძალებით". – ამბობდა კაჩინსკი.

კაჩინსკის იდეის შესრულების შესაძლებლობა უარყო NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები