რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფსაკი: ევროპაში ვიზიტისას ბაიდენის უკრაინაში გამგზავრება არ იგეგმება

Reuters

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის ცნობით, ევროპაში ვიზიტისას აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში არ გაემგზავრება. ფსაკი Twitter-ზე წერს, რომ მოგზაურობის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ჯო ბაიდენის ევროპაში მოგზაურობის შესახებ დამატებითი დეტალები დღეს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. მოგზაურობა მიმართული იქნება უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს გაერთიანებასა და პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ. თუმცა უკრაინაში გამგზავრება არ იგეგმება". – წერს ფსაკი.

ჯო ბაიდენი 24 მარტს ბრიუსელში NATO-ს საგანგებო სამიტზე ლიდერებს შეხვდება. თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, განხილვის თემა უკრაინაში რუსეთის შეჭრა იქნება. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიუსელში ასევე დაესწრება ევროპის საბჭოს სამიტსაც.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები