რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

24 მარტს ბაიდენი ბრიუსელში NATO-ს საგანგებო სამიტზე ლიდერებს შეხვდება – თემა უკრაინაა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 მარტს ბრიუსელში NATO-ს საგანგებო სამიტზე ლიდერებს შეხვდება. თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, განხილვის თემა უკრაინაში რუსეთის შეჭრა იქნება.

"პრეზიდენტი თვის ბოლოს გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც 24 მარტს შეუერთდება NATO-ს საგანგებო სამიტს, რათა განიხილოს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმის მიმდინარე შეკავების პროცესი და თავდაცვითი ძალისხმევა". – თქვა ჯენ ფსაკიმ.

თეთრი სახლის პრესსპიკერს ასევე ჰკითხეს ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სავარაუდო შეხვედრის შესახებ, რაზეც ჯენ ფსაკიმ უპასუხა, რომ ადმინისტრაცია ჯერ კიდევ მუშაობს მოგზაურობის დეტალებზე და ამ დროისთვის მეტის შესახებ ვერ ისაუბრებდა.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიუსელში ასევე დაესწრება ევროპის საბჭოს სამიტსაც.

"რათა განიხილოს უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, რუსეთისთვის ეკონომიკური საფასურის დაკისრების ტრანსატლანტიკური მცდელობები, ძალადობის შედეგად დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარება და კონფლიქტთან დაკავშირებული სხვა გამოწვევები". – თქვა პრესსპიკერმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები