რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩინეთს პასუხისმგებლობა დაეკისრება

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ცხადად განმარტა, რომ რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩინეთს ამის გამო პასუხისმგებლობა დაეკისრება. როგორც ცნობილია, ხვალ, 18 მარტს ბაიდენი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინის გაესაუბრება. ბლინკენის განმარტებით, აშშ-ს მხარე მზადაა, ჩინეთს აგრესორის მხარდაჭერისთვის "ფასის გადახდა მოსთხოვოს". 

"ჩვენ ისევ მოვუწოდებთ ყველა ერს, განსაკუთრებით მათ, ვისაც პირდაპირი გავლენა აქვს რუსეთზე, გამოიყენონ მათ ხელთარსებული ნებისმიერი ბერკეტი,  რათა აიძულონ მოსკოვი დაასრულოს თავად რუსეთის მიერ არჩეული ომი.  გვჯერა, რომ ჩინეთი პასუხისმგებელია, რომ გამოიყენოს თავისი გავლენა პრეზიდენტ პუტინზე და დაიცვას საერთაშორისო წესები და პრინციპები". - თქვა ბლინკენმა. 

ბლინკენმა, ამასთანავე, განიხილა რუსეთის შესაძლო სცენარები. მისი თქმით, დიდი ალბათობით, რუსეთი გეგმავს ქიმიური იარაღის გამოყენებას, რათა ეს უკრაინას დააბრალოს და საკუთარი სამხედრო თავდასხმები გაამართლოს. 

"ვფიქრობთ, რუსეთი შემდეგ სცენარს ავითარებს: გეგმავს, გამოიყენოს ქიმიური იარაღი და დააბრალოს უკრაინას, რათა გაამართლოს თავდასხმათა ესკალაცია უკრაინელ ხალხზე. სამხედრო ძალის გამოსაყენებლად მოვლენათა გამოგონება და გენოციდის ცრუ ნარატივების შექმნა ის ტაქტიკაა, რაც მანამდეც გამოუყენებია რუსეთს, მათ შორის საქართველოში". - აღნიშნა ბლინკენმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები