რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ ცხრა ჰუმანიტარული დერეფანი შეათანხმა, მათ შორის, მარიუპოლიდან

უკრაინის მთავრობის განცხადებით, ხუთშაბათის მდგომარეობით შეთანხმებულია ევაკუაციის ცხრა მარშრუტი უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის, მარიუპოლიდან.

დერეფნები ჰუმანიტარული დახმარებისა და უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად არის შექმნილი.

მიუხედავად ოფიციალური დერეფნის არარსებობისა, ბოლო დღეებში სულ უფრო მეტმა კერძო მანქანამ დატოვა მარიუპოლი.

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში თეატრში მოწყობილმა ბომბსაფარმა ავიაიერიშს გაუძლო და მასში შეფარებული ადამიანები გადარჩნენ. ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი სერგეი ტარუტა Facebook-ზე ავრცელებს.

16 მარტს რუსმა ოკუპანტებმა მიზანმიმართულად გაანადგურეს მარიუპოლის დრამატული თეატრი, სადაც ასობით მოქალაქე ბავშვებთან ერთად აფარებდნენ თავს. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა დგინდება. ინფორმაციას UNIAN მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები