რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ბომბი ჩამოაგდეს მარიუპოლის თეატრში, რომელსაც ასობით ადამიანი თავს აფარებდა

მარიუპოლის თეატრი

რუსმა ოკუპანტებმა მიზანმიმართულად გაანადგურეს მარიუპოლის დრამატული თეატრი, სადაც ასობით მოქალაქე ბავშვებთან ერთად აფარებდნენ თავს. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა დგინდება. ინფორმაციას UNIAN მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. 

"დღეს რუსებმა მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს დრამატული თეატრი, რომელიც მდებარეობდა მარიუპოლის გულში. თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო შენობაზე, სადაც მარიუპოლის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. ჯერჯერობით შეუძლებელია ამ საშინელი და არაადამიანური აქტის მასშტაბის შეფასება, რადგან ქალაქში გრძელდება საცხოვრებელი უბნების დაბომბვა".- აღნიშნულია განცხადებაში. 

დაბომბვის შემდეგ დრამატული თეატრის ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა, ნანგრევებმა კი თავშესაფრის შესასვლელი გადაკეტა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები