რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საელჩო: დაუზუსტებელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან საქართველოში 4 100 უკრაინელი ჩამოვიდა

კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებითი შემსრულებელის, ანდრეი კასიანოვის ცნობით, დაუზუსტებელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან საქართველოში ამ დროისთვის უკრაინის 4 100 მოქალაქე ჩამოვიდა. მისივე თქმით, უკრაინის მოქალაქეები ძირითადად აგრესორი ქვეყნებიდან გამორბიან.

მისივე ინფორმაციით, უკრაინელი მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც გადაკვეთეს დასავლეთ უკრაინის საზღვრები, ყოველდღიურად იზრდება, ამ დროისთვის კი ლტოლვილების რაოდენობა 2.5 მილიონს აღემატება, ძირითადად ქალები და ბავშვები არიან.

"ჩვენი საელჩო ვაგრძელებთ მუშაობას, რათა უკრაინელ მოქალაქეებს ჰქონდეთ ყველაფერი, მათ შორის თავშესაფარი, სამედიცინო დახმარება, კვება, უფასო სატელეფონო კავშირი ოჯახთან. ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობა მიიღებს აუცილებელ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებებს უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც იძულებით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინულ-რუსული ომის გამო". – ამბობს კასიანოვი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები