რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არესტოვიჩი: რუსეთს რეზერვისტები აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან გამოჰყავს

Office of the President of Ukraine

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსეთს უკრაინაში რეზერვების შესავსებად სამხედროები აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან გაჰყავთ. მისივე თქმით, რუსეთმა უკრაინაში 90-ზე მეტი ბატალიონი შეიყვანა, მათგან 15 თითქმის მთლიანად განადგურდა, 20-ზე მეტი კი ქმედუუნაროა.

"მათ კიდევ დარჩათ მცირე რეზერვი. ახლა რეზერვისტებს აგროვებენ, გამოჰყავთ "მშვიდობისმყოფელები" აფხაზეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან. ნაწილობრივი მობილიზაციის ნიღბის ქვეშ ცდილობენ იქ სამხედროების გადაბირებას და ტაქტიკური ჯგუფის 20-30 ბატალიონის აღდგენას. შეგიძლიათ გამოიცნოთ ამ ადამიანების ბრძოლისუნარიანობა რამდენად ეფექტური იქნება". – თქვა არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, რუსები კიდევ ეცდებიან იმ ტერიტორიებზე შეტევას, სადაც წარმატებას მიაღწიეს, მათ შორის, მარიუპოლში, ხარკოვში, კიევის ოლქში. თუმცა, არესტოვიჩის თქმით, მათი მცდელობა წარუმატებელი იქნება.

"მცდელობებისთვის კიდევ 2-3 კვირას ვაძლევ, ამის შემდეგ ისინი "კურდღლებად" იქცევიან, რადგან აღარაფერი ექნებათ, რითაც ბრძოლას შეძლებენ". – თქვა არესტოვიჩმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები