რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FIFA-მ რუსეთში მოთამაშე უცხო ქვეყნის მოქალაქე ფეხბურთელებს სხვა გუნდში გადასვლის უფლება მისცა

რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) რუსეთში მოთამაშე სხვა ქვეყნის მოქალაქე ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს კონტრაქტის გაწყვეტის, რუსეთის დატოვებისა და სხვა კლუბში გადასვლის ნებართვა მისცა. ამის მსურველი მოთამაშეები მიმდინარე წლის 30 ივნისამდე ჩაითვლებიან როგორც თავისუფალი აგენტები და არ მოუწევთ არანაირი ფინანსური ჯარიმის გადახდა. თუ ამ დრომდე ფეხბურთელმა ვერ შეძლო სხვა გუნდთან კონტრაქტის გაფორმება, მაშინ მას 2022 წლის ივლისიდან ისევ რუსულ კლუბში მოუწევს დაბრუნება. 

ორგანიზაციის განცხადებით, იგივე უფლებების გამოყენება შეუძლიათ უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელებსაც. სპორტსმენებს ახალ კლუბში რეგისტრაცია იმ პერიოდშიც შეეძლებათ, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა დახურული იქნება. რუსეთში მოთამაშე უცხოელი ფეხბურთელების კონტრაქტები უკვე ამ მომენტიდან ანულირებულია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები