რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: რუსი ჯარისკაცები ოკუპირებულ ქალაქებში ქალებს აუპატიურებენ

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით უკრაინის ქალაქებში შესული რუსი ჯარისკაცები ქალებს აუპატიურებენ.

"როდესაც შენი ქალაქები იბომბება, როდესაც ჯარისკაცები ოკუპირებულ ქალაქებში ქალებს აუპატიურებენ – სამწუხაროდ, მრავალი შემთხვევა გვაქვს, როდესაც რუსი ჯარისკაცები ქალებს აუპატიურებენ – რა თქმა უნდა, რთულია საერთაშორისო სამართლის ეფექტურობაზე საუბარი. თუმცა ეს არის ცივილიზებული სამყაროს ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია, რათა დავრწმუნდეთ, რომ საბოლოოდ ყველა, ვინც ეს ომი შესაძლებელი გახადა, სამართლის წინაშე წარდგება". – თქვა კულებამ ლონდონში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები