რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელმა ლტოლვილებმა EU-ს ქვეყნებში ცხოვრების 3-წლიანი უფლება მიიღეს

უკრაინელმა ლტოლვილებმა ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრებისა და მუშაობის 3-წლიანი უფლება მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  

სამინისტროს ცნობით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, 875 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა. ნახევარზე მეტი (454 000) წავიდა პოლონეთში, 116 000 უნგრეთში, 67 000 სლოვაკეთში, 45 000 რუმინეთში და 79 000 მოლდოვაში. 

"ევროკავშირი ითვალისწინებს უკრაინის მოქალაქეების, მაცხოვრებლებისა და რეზიდენტების უფლებას, იცხოვრონ, იმუშაონ, მიიღონ სამედიცინო დახმარება, საცხოვრებელი და განათლება დაუყოვნებლივ ერთ წლამდე, თავშესაფრის ხანგრძლივი პროცედურების საჭიროების გარეშე. თუ კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდება ან ლტოლვილები უსაფრთხოდ ვერ დაბრუნდებიან, ეს სტატუსი შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ორი ​​წლით". - წერია განცხადებაში. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები