რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თურქეთი შავ ზღვაში რუსული ხომალდების შესვლას შეზღუდავს

Reuters

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ ქვეყანა შეასრულებს მონტროს კონვენციის იმ ნაწილებს, რომლებიც პოტენციურად შეზღუდავს რუსული ხომალდების შესვლას ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში. 

"ეს არ არის რამდენიმე საჰაერო დარტყმა, სიტუაცია უკრაინაში ოფიციალურად ომია. ჩვენ შევასრულებთ მონტროს კონვენციას". – თქვა ჩავუღოლუმ

1936 წელს ხელმოწერილი მონტროს კონვენცია საშუალებას აძლევს თურქეთს, რომ ომის დროს შეზღუდოს სამხედრო ხომალდების გადაადგილება დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებში.

მიუხედავად ამისა, ჩავუშოღლუმ გაიმეორა, რომ თურქეთს არ შეუძლია დაბლოკოს შავ ზღვაში მიმავალი ყველა რუსული ხომალდი, რადგან, მონტროს კონვენციის თანახმად, თურქეთი ვერ შეზღუდავს იმ გემებს, რომლებიც საკუთარ ბაზაზე ბრუნდებიან.

"ეს გამონაკლისი ბოროტად არ უნდა გამოიყენონ. გემები, რომლებიც გადიან სრუტეებში და ამბობენ, რომ საკუთარ ბაზაზე ბრუნდებიან, არ უნდა ჩაერთონ ომში". – თქვა ჩავუშოღლუმ.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები