რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

VTB ბანკის მსესხებლებს და დეპოზიტარებს ბაზისბანკი მოემსახურება – სებ

ეროვნული ბანკის განცხადებით, 27 თებერვლიდან საქართველოში VTB ბანკის ფიზიკურ მსესხებლებს და დეპოზიტარებს ბაზისბანკი მოემსახურება. გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ რუსული ფინანსური სისტემების სანქცირებაა.

"ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ფინანსური სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამ მანდატის ფარგლებში, საფინანსო სექტორის მეანაბრეთა ინტერესების დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.  დღეიდან, სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს მოემსახურება სს ბაზისბანკი. მუშაობა პორტირებაზე დაწყებულია და ორშაბათიდან ეტაპობრივად ვითიბი ბანკ ჯორჯიას ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს ვითიბი ბანკის ფილიალებში ბაზისბანკი მოემსახურება. ყველა დეპოზიტარის ინტერესი დაცული იქნება, ხოლო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებული". – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

25 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა სანქცირებულ VTB ბანკს უცხოური ტრანზაქციები შეუზღუდა, ხოლო წინა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბანკი საქართველოში ოპერირებას ჩვეულებრივ აგრძელებდა, წაშალა.

სებ-ის მიერ 25 თებერვლის დილას გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეროვნულ ბანკსა და VTB-ს ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა – ბანკი გადახდისუნარიანია და მეანაბრეების ინტერესები დაცული იქნებოდა.

უკრაინასთან ომის დაწყების გამო, აშშ-მ რუსეთს ეკონომიკური სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდა VTB ბანკის ქართული ფილიალიც – მისი ქონება და აქტივები ამერიკაში გაიყინება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები