რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"დაბრუნდი ცოცხალი უკრაინიდან" – უკრაინა რუსი სამხედროების ოჯახებისთვის ცხელ ხაზს ქმნის

ჯავშანტექნიკა ხერსონთან, 2022 წლის 24 თებერვალი
Reuters

უკრაინა რუსი სამხედროების ოჯახებისთვის ცხელ ხაზს ქმნის. ამ ცხელი ხაზით რუსეთის მოქალაქეები შეძლებენ მოიპოვონ ინფორმაცია დაღუპულ, ტყვედ ჩავარდნილ და დაჭრილ რუს სამხედროებზე. ინფორმაციას თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ავრცელებს. მისი თქმით, ცხელი ხაზი დღეს, 26 თებერვალს საღამოს ამუშავდება.

"ცხელ ხაზს ერქმევა "დაბრუნდი ცოცხალი უკრაინიდან". ამ ცხელ ხაზზე თქვენ შეძლებთ იკითხოთ ცოცხლები არიან თუ არა თქვენი ახლობლები, ჩავარდნენ ტყვედ, თუ დაჭრილები არიან, გადაჭრით საკითხს, როდის შეძლებთ თქვენი დაღუპული ნათესავის გვამი წაიღოთ.

თუ თქვენი ნათესავი ტყვედ ჩავარდა, შეძლებთ, მოკლე შეტყობინება დაუტოვოთ თქვენს ქმარს, შვილს." - წერს გერაშენკო.

ანტონ გერაშენკოს თქმით, ამ საკითხზე ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

26 თებერვლის დილის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე მდგომარეობა კონტროლირებადია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთი ყველა პოზიციაზე ღირსეულ პასუხის იღებს და მძიმე დანაკარგები აქვს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ, გაავრცელა მიმართვა, რომ უკრაინის სამხედრო ძალები დანებებას არ აპირებენ.

პრეზიდენტს სპიკერის თქმით, უკრაინის ხელმძღვანელობა დათანხმდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინადადებას მოლაპარაკებების გამართვის შესახებ. მოლაპარაკებებზე შეიძლება ნეიტრალიტეტის საკითხი განიხილოს. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესში პირობები უკრაინის ნაკარნახევი იქნება.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები