რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: კვიპროსმა დაადასტურა, რომ რუსეთის SWIFT-დან გათიშვის წინადადებას არ დაბლოკავს

დმიტრო კულება

საფრანგეთის და იტალიის შემდეგ, რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას კვიპროსიც დასთანხმდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს.

"კვიპროსმა დაადასტურა, რომ რუსეთის SWIFT-იდან გათიშვის წინადადებას არ დაბლოკავს. უკრაინელი დიპლომატები 24/7-ზე მუშაობენ, რათა მიაღწიონ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და დაიცვან უკრაინა რუსი ოკუპანტებისგან" - წერს კულება.

ორი დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა გადაწყვიტეს, რუსეთი SWIFT-ის ორგანიზაციიდან არ გაერიცხათ, თუმცა, მისი თქმით, გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

უტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

კომენტარები