რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უოლასი: ბრიტანეთს რუსეთის SWIFT-დან გარიცხვა სურს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, ბრიტანეთს რუსეთის SWIFT-დან გაგდება სურს და აგრძელებს მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

"ჩვენ გვსურს უფრო შორს წავიდეთ და გავაგდოთ რუსეთი SWIFT-დან, ფინანსური სისტემიდან, რომელიც საშუალებას აძლევს  გადაიტანოს ფული მთელს მსოფლიოში, მიიღოს გადახდები გაზის საფასურისთვის - მაგრამ ... ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია და რუსეთის გასაგდებად ყველა ქვეყნის თანხმობაა საჭირო, რაც პროცესს ართულებს."- თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა განმარტა, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა გადაწყვიტეს, რუსეთი SWIFT-ის ორგანიზაციიდან არ გაერიცხათ, თუმცა, მისი თქმით, გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები რუსეთს იმაზე მეტად აზიანებს, ვიდრე SWIFT-დან გარიცხვა დააზარალებდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები