რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: პარტნიორებმა რუსეთი SWIFT-იდან არ უნდა გააგდონ

2022 წლის 15 თებერვალი, ვლადიმირ პუტინი ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე
AP News

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მსხვილ ბიზნესწარმომადგენლებთან შეხვედრაზე ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკურმა პარტნიორებმა რუსეთი საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, SWIFT-იდან არ უნდა გააგდონ.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი მსოფლიო ეკონომიკის ნაწილად რჩება და იმდენად, რამდენადაც ის ამ სისტემის ნაწილია, არ აპირებს მიაყენოს ზიანი იმას, რისი ნაწილიც თავადაც არის.  

"მე მგონია, რომ ეს ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა გაიგონ და საკუთარი თავის წინაშე არ უნდა დააყენონ ამოცანა, რომ გაგავაგდონ ამ სისტემიდან. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური მიზეზების გამოც, შეზღუდვები იქნება". - ამბობს პუტინი.    

მისივე თქმით, რუსეთი სანქციებისთვის მზად იყო და რისკები გაანალიზებული ჰქონდა

"ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ როგორ მსოფლიოში ვცხოვრობთ და მოვემზადეთ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება აკრძალვებსა და სანქციებზე". - ამბობს ის. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლელ პარტნიორებს მიმართავს, გააგდონ რუსეთი SWIFT-იდან.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები