რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ჩინეთი უკრაინაზე: მოვლენებს თვალს ვადევნებთ, სიტუაცია ისეთია, როგორსაც არ გვსურს, ვხედავდეთ

ვანგ ი
Footprint to Africa

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ამბობს, რომ ახლა "აბსოლუტურად აუცილებელია", ყველა მხარე შეეცადოს, კონფლიქტი "კონტროლს მიღმა არ გავიდეს". ინფორმაციას ჩინურ სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით Bloomberg-ი ავრცელებს

"ჩინეთი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს და ამჟამინდელი სიტუაცია არის ისეთი, როგორიც ჩინეთს არ სურს, რომ ხედავდეს". - თქვა ვანგ იმ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის, ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლებთან საუბრისას. 

მისივე სიტყვებით, მოქალაქეების სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს და "ფართო ჰუმანიტარული კრიზისი თავიდან უნდა იყოს აცილებული". 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები