რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ხერსონში უკრაინის დროშა ფრიალებს" – ქალაქის მერი

უკრაინის ქალაქ ხერსონის მერის ცნობით, ქალაქი უკრაინის კონტროლქვეშაა. ხერსონი ხერსონის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია. ეს ოლქი ანექსირებულ ყირიმის ესაზღვრება. გუშინ, 25 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქი ხერსონის მახლობლად მყოფი დაცვა გაარღვიეს და ანტონოვსკის ხიდი დაიკავეს. მედია იუწყებოდა, რომ ოკუპანტებმა დიდი დანაკარგი ნახეს.

"დილა მშვიდობის. ხერსონის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს.

ქალაქი მუშაობს და ცხოვრობს. 6:30-ზე ხაზზე გავიდნენ პირველი ტროლეიბუსები. ცოტა-ცოტა ვასწრებთ ქალაქის დალაგებას. პროდუქტების და პურის საკითხზე ვმუშაობთ, თვალი ადევნეთ ინფორმაციის განახლებას ქალაქის საბჭოს ოფიციალურ საიტზე.

წყლის მიწოდება ჩვეულ რეჟიმშია. ინფორმაცია წყლის საათობრივ გრაფიკზე ყალბია. ვცდილობთ ყველა ავარია ოპერატიულად აღვკვეთოთ.

გუშინ თავშესაფარში ორი ჯანმრთელი ბიჭუნა დაიბადა. ჩვენი მედიკოსები მზად იყვნენ და დედებისთვისაც და ახალი ხერსონელებისთვისაც ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ვიცხოვრებთ." - წერს ხერსონის მერი იგორ კოლიხაევი Facebook-ზე.

რუსეთ-უკრაინის ომის მესამე დღეს ბრძოლა უკვე უკრაინის დედაქალაქ კიევის ქუჩებში მიმდინარეობს. 26 თებერვლის დილას რუსეთის შეტევის შედეგად კიევში მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა.

26 თებერვლის დილის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე მდგომარეობა კონტროლირებადია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთი ყველა პოზიციაზე ღირსეულ პასუხის იღებს და მძიმე დანაკარგები აქვს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ, გაავრცელა მიმართვა, რომ უკრაინის სამხედრო ძალები დანებებას არ აპირებენ.

პრეზიდენტს სპიკერის თქმით, უკრაინის ხელმძღვანელობა დათანხმდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინადადებას მოლაპარაკებების გამართვის შესახებ. მოლაპარაკებებზე შეიძლება ნეიტრალიტეტის საკითხი განიხილოს. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესში პირობები უკრაინის ნაკარნახევი იქნება.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები