რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმას მესაზღვრეები ემსხვერპლნენ, არიან დაშავებულებიც

25 თებერვალს, უკრიანის დროით დილის 4:25 წუთზე, რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ზაპოროჟიეს რეგიონში მდებარე პრიმორსკი პასადის სასაზღვრო ქვედანაყოფზე.

ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. 

"თავდასხმის შედეგად მესაზღვრეებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები".- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

უკრაინის დედაქალაზე კიევში ძლიერი აფეთქების ხმები ისმოდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახლდა. ამის შესახებ შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ დაწერა.

მოგვიანებით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის თავზე უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსული მფრინავი აპარატი ჩამოაგდო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები