უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი, რომელიც თანამდებობიდან გუშინ, 21 ივლისს გადააყენეს, განცხადებას ავრცელებს. ის წერს, რომ თავად რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, საკუთარ ქვეყანას გამარჯვებამდე მოემსახურება.
სირსკი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინული ჯარი რუსეთზე შეტევას გააგრძელებს.
"ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც არა მხოლოდ თავს იცავს, არამედ უტევს - აქვს ინიციატივა, სტრუქტურა და ჰყავს ადამიანები, რომლებმაც იციან, მტერს როგორ ებრძოლონ. იმედი მაქვს, ეს შეტევა გაგრძელდება, ყველაფერი ამისთვისაა.
მადლობა ყველა ჯარისკაცს, სერჟანტსა და ოფიცერს, ვისთან ერთადაც ეს წლები გავიარე - ჩვენი დაღუპულების ოჯახების წინაშე კი ქედს ვიხრი. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ჩემი საქმე ომია. თანამდებობები იცვლება, ეს პრინციპი კი - არა.
რა სტატუსიც არ უნდა მქონდეს, უკრაინას გამარჯვებამდე მოვემსახურები. უკრაინას გმირი ხალხი იცავს. ჩვენი ქვეყანა გადარჩება, თუ თავის საქმეს ყველა ისე გულმოდგინედ შეასრულებს, როგორც უკრაინული არმია. დიდება უკრაინას!". - წერია სირსკის განცხადებაში.
სირსკი ასევე წერს, რომ მან რუსეთ-უკრაინის ომი 2014 წლიდან დაწყებული პირველივე დღეებიდან საკუთარი თვალით ნახა, ფრონტის ხაზზე იცხოვრა და უკრაინული მიწის ყოველი გათავისუფლებული კილომეტრის ფასი იცის.
სირსკის განცხადებით, გასულმა წელმა ომის მიმდინარეობა შეცვალა და უკრაინამ საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა. ის წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რუსეთის შეტევის შეჩერება ხარკივში, ასევე არ დაუშვეს მათი შეტევის განვითარება სუმის ოლქში და აგრეთვე გაიხსენა უკრაინის არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში.
ოლექსანდრ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორმა მიხაილო დრაპატიმ შეცვალა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ სირსკის მადლობა გადაუხადა.
ამ დრომდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე ოლექსანდრ სირსკის დატოვება განხილვის მთავარი საკითხი მას შემდეგ იყო, რაც ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი, მიხაილო ფედოროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
უკრაინის პრეზიდენტმა ფედოროვი პოსტიდან 16 ივლისს დაითხოვა, რასაც, ფედოროვის თქმით, წინ უძღოდა სირსკის მხრიდან ზელენსკისთვის "ულტიმატუმის" წაყენება. თუმცა, თანამდებობიდან ფედოროვის გათავისუფლებას უკრაინის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.
გამოცემა Financial Times წერს, რომ ზელენსკიმ სირსკის გადაყენების განხილვა საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო. მან განმარტა, რომ ფედოროვსა და სირსკის შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში იმდენად გაუარესდა, რომ ისინი ერთმანეთსაც კი აღარ ელაპარაკებოდნენ და მხოლოდ პრეზიდენტის შუამავლობით მართავდნენ ერთმანეთთან კომუნიკაციას.
თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ფედოროვმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სირსკი თავდაცვის სამინისტროში რეფორმების გატარებას ბლოკავდა. მან სირსკი ასევე კორუფციის ხელშეწყობაშიც დაადანშაულა.
ამასთან, ფედოროვმა აღნიშნა, რომ მას სირსკის თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით ზელენსკისთვის უკვე მიმართული ჰქონდა, რადგან რუსეთს დასამარცხებლად ახალი გავლენიანი სამხედრო ხელმძღვანელობის დანიშვნა იყო საჭირო.




