რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: უკრაინაში ჩვენი სამხედრო ძალები რუსეთის წინააღმდეგ კონფლიქტში არ ჩაერთვებიან

ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინაში აშშ-ს სამხედრო ძალები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დაპირისპირებაში არ ჩაერთვებიან.

"ჩვენი ძალები უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტში არ ჩაერთვებიან. ჩვენი ძალები ევროპაში მიდიან არა უკრაინაში საბრძოლველად, არამედ NATO-ს მოკავშირეების დასაცავად და აღმოსავლეთში ჩვენი მოკავშირეების მხარდასაჭერად. ცხადად ვთქვი, რომ აშშ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ ინჩს ამერიკის ძალების სრული შესაძლებლობით დაიცავს." – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მან NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად ევროპაში დამატებითი ძალების გაგზავნის განკარგულება გასცა. აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით 7 000 ამერიკელი სამხედრო გაიგზავნება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები