რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

UNIAN: რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აიღეს

უკრაინული მედიის, UNIAN-ს ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აიღეს, ხოლო სადგურის პერსონალი მძევლად აიყვანეს. ინფორმაცია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, მიხაილ პოდოლიაკმა დაადასტურა.

"სასტიკი ბრძოლის შემდეგ ჩერნობილის სადგურზე კონტროლი დავკარგეთ. უცნობია, ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ობიექტების, ბირთვული ნარჩენების საწყობის მდგომარეობა. ამ მიმართულებით რუსეთის სრულიად უაზრო თავდასხმის შემდეგ, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე არ ემუქრება. ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა ევროპისთვის. რუსების ჩვევების გათვალისწინებით, ალბათ უკვე ამზადებენ პროვოკაციებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე. უკრაინის დასადანაშაულებლად ან ისარგებლებენ თავდასხმის დროს ობიექტისთვის მიყენებული დაზიანებით ან თავად დააზიანებენ ამ უკიდურესად სახიფათო ობიექტებს." – თქვა პოდოლიაკმა.

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე შეტევა ბელარუსიდან უკრაინაში შესულმა რუსულმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღების მცდელობა მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებაა.

"რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღებას ცდილობენ. ჩვენი დამცველები სიცოცხლეს სწირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია არ გამეორდეს. ინფორმაცია მივაწოდე შვედეთის პრემიერმინისტრს. ეს მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებაა." – წერდა ზელენსკი Twitter-ზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს თქმით, ბირთვული ნარჩენების კოლექტორების დაზიანების შემთხვევაში საფრთხე უკრაინას, ბელარუსს და ევროკავშირის ქვეყნებს შეექმნება.

"...თუ დამპყრობლების საარტილერიო ცეცხლი ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს მოხვდება და გაანადგურებს ან დააზიანებს, რადიოაქტიური მტვერი შეიძლება მთელი უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ტერიტორიებზე გავრცელდეს." – წერს გერაშენკო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები