რუსეთ-უკრაინა

რუსეთი უკრაინიდან დიპლომატებისა და საკონსულოების თანამშრომლების ევაკუირებას იწყებს

სერგეი ლავროვი
AP

რუსეთის ფედერაცია უკრაინიდან დიპლომატებისა და საკონსულოების თანამშრომლების ევაკუირებას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ თანამშრომლების გაყვანის მიზეზი მათი "სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვაა", ვინაიდან კრემლის მტკიცებით, 2014 წლიდან დღემდე ისინი არაერთხელ გახდნენ თავდასხმის ობიექტები. 

"2014 წლიდან კიევში რუსეთის საელჩოზე და ოდესაში, ლვოვსა და ხარკოვში რუსეთის გენერალურ საკონსულოებზე არაერთი თავდასხმა მოხდა. პროვოკაციები რეგულარულად ეწყობოდა კიევში მეცნიერებისა და კულტურის რუსული ცენტრის წინააღმდეგ, ზიანი მიაყენეს მისი ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დააზიანეს ასევე ცენტრის ქონებაც.

აგრესიული ქმედებების ობიექტები რუსი დიპლომატებიც ხდებოდნენ. მათი მიმართულებით ისმოდა ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარები, წვავდნენ მათ ავტომობილებს. კიევის ხელისუფლება არ რეაგირებდა მომხდარზე საკონსულო და დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციების შესაბამისად. 

შექმნილ ვითარებაში ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ვიზრუნოთ რუს დიპლომატებსა და საელჩოებსა და გენერალურ საკონსულოებში ჩვენს თანამშრომლებზე. მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში უკრაინაში მოქმედი დიპლომატიური დაწესებულებებიდან პერსონალი გაიყვანოს". – წერია განცხადებაში. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღო, რომ კრემლი უკრაინაზე მორიგი თავდასხმისთვის ემზადება. 

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავისი ხანგრძლივი სიტყვის ბოლოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა, აქტი, რომელმაც მთელ მსოფლიოს 2008 წლის აგვისტოს ომი და მოგვიანებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება გაახსენა. 

ამ განცხადებიდან მალევე პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები