დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბაიდენი: რუსეთი თავდასხმას მომდევნო დღეებში აპირებს – მიზანში კიევს ამოიღებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

"გვაქვს მიზეზი ვიფიქროთ, რომ რუსული ძალები აპირებენ თავდასხმას მომავალ კვირას, მომდევნო დღეებში. ჩვენ გვჯერა, რომ ისინი მიზანში ამოიღებენ უკრაინის დედაქალაქ კიევს, რომელშიც 2.8 მილიონი უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის გეგმებზე ხმამაღლა და კიდევ ერთხელ არა იმიტომ, რომ გვსურს კონფლიქტი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვაკეთებ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ გავაქარწყლოთ ყველა მიზეზი, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გასასამართლებლად მოჰყავს და შევაჩეროთ ის. არ დაუშვათ შეცდომა. თუ რუსეთი მის გეგმას გაჰყვება, ის პასუხისმგებელი იქნება კატასტროფულ და უაზრო ომზე. 

ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მზად არიან, რომ დავიცვათ NATO-ს ტერიტორია ნებისმიერი საფრთხისგან. ჩვენ არ გავგზავნით ჯარს უკრაინაში საბრძოლველად, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას". – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა დონბასში მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნა, რომ რუსეთი მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებით ომის საბაბის შექმნას ცდილობს.


18 თებერვალს დონეცკსა და ლუგანსკში მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები