სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

კობახიძე: ლონდა თოლორაიას სარჩელს პერსპექტივა არ აქვს

ირაკლი კობახიძე
ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს "პერსპექტივა არ აქვს", ხოლო პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებისა და ახალი სამსახურების შექმნის შესახებ საკითხს მომავალ კვირაში განიხილავს.

"სარჩელის შეტანა ყველას შეუძლია, მაგრამ ეს, ბუნებრივია, ვერ განაპირობებს პარლამენტის დღის წესრიგს. პარლამენტს აქვს თავისი დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც, ამ კვირაში უკვე განიხილება ეს საკითხი როგორც კომიტეტის სხდომებზე, ასევე პლენარულ სხდომაზე.

სარჩელი როდის განიხილება, ეს არავინ იცის. პარლამენტს აქვს მისაღები გადაწყვეტილება. კანონის თანახმად, პირველ მარტს უკვე უნდა ამოქმედდეს ორივე სამსახური. ერთი, რომ ამ სარჩელს პერსპექტივა არ აქვს კონკრეტული სამართლებრივი მიზეზების გამო, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ უნდა მივყვეთ კანონის ვადებს. ვადების თანახმად, პირველ მარტამდე ორივე სამსახური უნდა ამოქმედდეს". – თქვა ირაკლი კობახიძემ.

25 იანვარს სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელით მოთხოვნილი იქნა გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. საკონსტიტუციო სასამართლოს ლონდა თოლორაიას სარჩელის პრიორიტეტულად განხილვისკენ მოუწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მის ბაზაზე შექმნილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებს პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში უსმენს.


13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და კანონპროექტს მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილი თავდასხმა უწოდეს. ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეშფოთება გამოთქვა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო და აღნიშნა, რომ კანონი დემოკრატიისთვის რისკის შემცველია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა. მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფმაც.

კომენტარები