რუსეთი

რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნებს ატარებს

TASS

რუსეთი სამხრეთ სამხედრო ოლქში, რომელიც ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიას მოიცავს სამხედრო წვრთნებს ატარებს. წვრთნები ასევე ჩატარდება ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე.

სამხედრო წვრთნები გაიმართება ვოლგოგრადის ოლქში, სტავროპოლის მხარეში, ადიღეაში, ჩეჩნეთში, დაღესტანში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ინგუშეთში. თითოეულ ლოკაციაზე წვრთნებში დაახლოებით 400 სამხედრო და 80 ერთეული სამხედრო და სპეციალური ტექნიკა მონაწილეობს. წვრთნების დროს გამოიყენებენ Т-72Б3 ტიპის ტანკები, БМП-3 ტიპის სამხედრო მანქანები, БТР-82А ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები კორნეტი და ქრიზანთემა C.

უკრაინასა საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრის ფონზე რუსეთი სხვადასხვა სამხედრო წვრთნას ატარებს. ერთობლივი სამხედრო წვრთნები იმართება ბელარუსში, რამაც უკრაინაში ბელარუსიდან შეჭრის შიშიც გააჩინა. რუსეთი ასევე გეგმავს ბირთვული წვრთნები, რომლებიც ჩვეულებრივ შემოდგომაზე ტარდება, თებერვალში ჩაატაროს.

დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები