რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს "უკიდურესი სიფრთხილე" გამოიჩინონ ტაილანდში მოგზაურობისას აშშ-ს მიერ "დაკავების ან დაპატიმრების მაღალი რისკის გამო."
უწყების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდი რუსი ტურისტებისთვის "მეგობრულ და პოპულარულ" ქვეყანად რჩება, აშშ-მ დაიწყო რუსებზე "ნადირობა."
"აშშ აგრესიულად მოქმედებს, უგულებელყოფს ტაილანდის ხელისუფლებას და ატარებს სპეციალურ ოპერაციებს ჩვენი მოქალაქეების "დასაჭერად," რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით მათ ყურადღებას იპყრობენ. დაკავებულთაგან ბევრს აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების მხრიდან მუქარა, დაშინება და ფსიქოლოგიური ზეწოლა ემუქრება, რათა მათ აღიარებითი ჩვენების მიცემა აიძულონ," - წერია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "მკაცრად ურჩევს" რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ოდნავი ეჭვი რომ აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს, თავი შეიკავონ ტაილანდში გამგზავრებისგან, რომელსაც აშშ-სთან ორმხრივი ექსტრადიციის ხელშეკრულება აქვს.




