დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

FP: NATO-ს გასაფრთხილებლად რუსეთი თებერვალში ბირთვულ წვრთნებს გეგმავს

რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა ანექსირებულ ყირიმში. 18 იანვარი, 2022 წ.
AP

აშშ-ს სამხედრო ძალების და სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რუსეთი გეგმავს, NATO-ს გაფრთხილების მიზნით, თებერვალში ბირთვულ წვრთნები ჩაატაროს. ინფორმაციას გამოცემა The Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კონგრესში გამოცემის წყაროს მიხედვით, გაერთიანებული შტაბის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ და ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატას მოახსენეს, რომ პუტინი სამხედრო წვრთნების დაწყებას თებერვლის შუა რიცხვებში გეგმავს. აშშ მიიჩნევს, რომ ეს პუტინის მხრიდან რუსეთის ძალის დემონსტრირების მცდელობაა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ, ჩვეულებრივ, რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით სამხედრო წვრთნებს ყოველწლიურად შემოდგომაზე ატარებს. წვრთნები მოიცავს კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გამოცდას, მათ გაშვებას ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან. დასავლეთი თვლის, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვლის შუიდან მარტის ბოლომდე პერიოდში შეიძლება შეიჭრას.

"ძალიან პროვოკაციული გზავნილი იქნება, თუ [ბირთვული წვრთნებს] უკრაინაში შეჭრის პარალელურად ჩაატარებენ." – უთხრა ჰადსონის ინსტიტუტში ბირთვული იარაღის პოლიტიკის ექსპერტმა, რებეკა ჰეინრიხმა გამოცემა Financial Times-ს.

ბოლო ორ კვირაა, რუსეთი უკრაინის საზღვართან დამატებითი ძალების თავმოყრას აგრძელებს. დასავლური სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, საზღვრებთან 100 000-130 000 რუსი სამხედროა თავმოყრილი. გამოცემა The Washington Post-ი წერს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-ით მზად არის.

კომენტარები