დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

დიდი ბრიტანეთი დამატებით სამხედრო ძალებს ესტონეთში თებერვალში გაგზავნის

როს ალენი
British Embassy Tallinn

უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის ფონზე დიდი ბრიტანეთი დამატებით 850 სამხედროს ესტონეთში თებერვალში გაგზავნის.

"ჩვენი გეგმაა, რომ სამხედროების პირველი ნაკადი ამ თვეში, თებერვალში ჩამოვიდეს." – თქვა ესტონეთში აშშ-ს ელჩმა, როს ალენმა.

ელჩის განმარტებით, ესტონეთში ბრიტანელი სამხედროები გერმანიიდან ჩავლენ. როს ალენის თქმით, ბრიტანელი სამხედროების დამატებითი შენაერთი ესტონეთში Siil 2022 სამხედრო წვრთნების ბოლომდე დარჩება.

ესტონეთის თავდაცვის ძალები Siil 2022-ს მაისის შუა რიცხვებში იწყებს. წვრთნები ივნისის დასაწყისამდე გაგრძელდება. Siil 2022 ესტონეთში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნებია. როს ალენი არ გამორიცხავს, რომ დიდი ბრიტანეთის დამატებითი ძალები ქვეყანაში სამხედრო წვრთნების შემდეგაც დარჩნენ.

"ჯერ ცნობილი არ არის, [სხვადასხვა ფაქტორზეა] დამოკიდებული. ესტონეთთან ერთად შევაფასებთ, დამოკიდებულია, მომავალში რამდენად სერიოზული იქნება უსაფრთხოების მდგომარეობა რეგიონში." – თქვა ალენმა.

ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურის, მარტინ ჰერემის თქმით, თებერვალში ესტონეთში ჩასული სამხედროები ქალაქ ტაპაში, დედაქალაქ ტალინიდან ერთი საათის გზაზე განთავსდებიან.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალები NATO-ს მისიის ფარგლებში ესტონეთში 2017 წლიდან არიან განლაგებული. ამჟამად ქვეყანაში NATO-ს 1 200 სამხედროა განლაგებული.

უკრაინის საზღვრებთან დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები