დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

რეზნიკოვი: თუ გერმანია რუსეთზე პოზიციას არ შეცვლის, გდრ-ს პრობლემასთან გამკლავება მოუწევს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა უარყოფითად შეაფასა გერმანიის პოლიტიკა რუსეთის მიმართ, უკრაინის საზღვრებთან არსებულ კრიზისთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ გერმანიამ ეს მიდგომა არ გამოცვალა, მათ მოუწევთ გაუმკლავდნენ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პრობლემას.

"თუ გერმანია არ შეცვლის პოზიციას რუსული აგრესიის მოგერიებაზე, [გერმანიის] ფედერაციულ მთავრობას მოუწევს არა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, ან რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, არამედ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) პრობლემებთან გამკლავება. ეს არ არის გაზვიადება. გდრ-სთვის მატერიალური საფუძველი ხომ უკვე არსებობს. ეს მხოლოდ ჩრდილოეთის ნაკადი 2 არ არის, აქამდე ეს იყო გაზსადენი ოპალი, ასევე გერმანული ისტებლიშმენტის რუსულ გასამრჯელოზე მყოფი წარმომადგენლები, ცალკე მდგომი ვიცეადმირალები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას უცნაურ განცხადებებს ტორპეტოებივით ესვრიან", – თქვა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის მიზანი თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილებაა. 

"გდრ-ს აღდგენა არის რუსეთის უკვე გამოცხადებული მოთხოვნების ლოგიკური გაგრძელება. რუსეთმა NATO-ს დაშლის მოთხოვნა უკვე 14 ქვეყანაში ოფიციალურად გაგზავნა, ესეც სრულებით შეუძლებლად ჩანდა. ძალიან კარგია, რომ ალიანსის წევრებმა მკაფიო პასუხი გასცეს, თუმცა პრაქტიკული ნაწილიც უნდა იყოს, რადგან შემდეგ პასუხის გაცემა არ მოუწიოთ, ვინ დაიწყებს ბერლინის კედლის აღდგენას", – დაამატა რეზნიკოვმა. 

ამას გარდა, რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მთავარი მიზანი არა უკრაინის დაპყრობა, არამედ დასავლეთ ევროპაში საკუთარი გავლენის გაფართოებაა. 

"ჩვენ გავაფრთხილეთ დასავლელი პარტნიორები, რომ კრემლის სამიზნე უკრაინა იმდენად არაა, რამდენადაც NATO-სა და ევროკავშირის გახლეჩვა", – თქვა რეზნიკოვმა.

გერმანია მოკავშირეების მიერ კრიტიკის ქვეშ არის, რადგან ბერლინი უარს ამბობს კიევისთვის როგორც პირდაპირ, ისე ირიბ სამხედრო დახმარების გაწევაზე. გასულ კვირაში მათ ესტონეთს უარი უთხრეს უკრაინისთვის გადაეცათ გერმანული წარმომავლობის ჰაუბიცები. ამის შემდეგ, გერმანიამ გადაწყვიტა კიევს 5 000 ჩაფხუტით დახმარებოდა, რაც უკრაინულმა მხარემ უარყოფითად შეაფასა. 


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები