დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

გერმანია ესტონეთს უკრაინისთვის იარაღის გადაცემის უფლებას არ აძლევს

უკრაინელი სამხედროები 2017 წლის წვრთნებზე
Reuters/იგორ ოგირენკო

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გერმანია ესტონეთს, NATO-ს წევრ ქვეყანას, არ აძლევს უფლებას, რომ უკრაინას გადასცეს იარაღი, რომელიც გერმანული წარმომავლობისაა. ბალტიის ქვეყანამ კიევისთვის შეიარაღებით დახმარება მოსკოვიდან მომავალი საფრთხის გამო გადაწყვიტა. 

აშშ-ს, ბრიტანეთის, პოლონეთისა და NATO-ს სხვა წევრებისგან განსხვავებით, გერმანიას უკრაინისთვის ლეტალური იარაღის პირდაპირ მიწოდებაზე უარი აქვს ნათქვამი. ხოლო ესტონეთის შემთხვევაში, გერმანელი და ესტონელი ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ბერლინმა უარი თქვა მესამე ქვეყნისთვის საარტილერიო დანადგარების გადაცემის ნებართვაზე, რადგან ეს შეიარაღება გერმანული წარმომავლობისაა. 

საუბარია D-30 ტიპის ჰაუბიცებზე, რომლებსაც 122-მმ.-იანი ჭურვების 15-20 კილომეტრის მანძილზე სროლა შეუძლიათ. ეს ჰაუბიცები, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში დაამზადეს, განლაგებული იყო ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში – გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ბერლინმა 1990-იან წლებში ჰაუბიცების ექსპორტირება მოახდინა ფინეთში, რომელმაც 2009 წელს დანადგარები ესტონეთს გადასცა. გერმანიის იარაღის ექსპორტის კანონის შესაბამისად, ესტონეთმა ბერლინს სთხოვა ნებართვა უკრაინისთვის ჰაუბიცების გადაცემის შესახებ, რაზეც უარი მიიღო. 2009 წელს იგივე უფლება ფინეთმა უპრობლემოდ მიიღო. 

"შეიარაღების ექსპორტის პრინციპი მუდამ ერთია, მოდის ის პირდაპირ გერმანიიდან, თუ მესამე ქვეყნიდან. ამ მხრივ ჯერ ნებართვა არ გაცემულა. შეუძლებელია პროცესის შედეგების გამოთვლა", – თქვა WSJ-სთან გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა იარაღის ექსპორტის ნებართვასა და უკრაინა-რუსეთის დაძაბულ ვითარებაზე. 

ესტონეთი აგრძელებს მცდელობას, რომ ბერლინში გადაწყვეტილება შეაცვლევინონ. 

"იმედია გერმანიისგან ნებართვას მივიღებთ. ესტონეთმა აჩვენა, რომ ჩვენ გვსურს უკრაინისთვის პრაქტიკული გზებით დახმარება, ყველანაირად, როგორც შეგვიძლია", – ამბობს კრისტო ენ ვაგა, ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი. 

ბალტიის ქვეყნებმა, რომლებიც თავად იარაღის დიდი მწარმოებლები არ არიან, უკრაინისთვის NATO-ს მოკავშირეებისგან შეძენილი იარაღით დახმარება გადაწყვიტეს. გასულ დღეებში მათ აშშ-მ ნება დართო კიევისთვის გადაეცათ ამერიკული წარმოების იარაღი.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები