დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

გერმანია უკრაინას 5 000 საბრძოლო ჩაფხუტით დაეხმარება

უკრაინელი სამხედრო სანგარში
CNN

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ქრისტინ ლამბრეხტის თქმით, გერმანია უკრაინას 5 000 საბრძოლო ჩაფხუტით დაეხმარება. ამას კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ხუმრობა უწოდა. 

"მივიღე წერილი უკრაინის საელჩოსგან, ითხოვდნენ საბრძოლო აღჭურვილობით დახმარებას, უფრო ზუსტად ჩაფხუტებით. ჩვენ უკრაინას 5 000 ჩაფხუტით დავეხმარებით. ეს იქნება ნათელი ნიშანი, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ", – თქვა ლამბრეხტმა. 

გერმანია გასულ დღეებში მოკავშირეების მიერ კრიტიკის ქვეშ იყო, რადგან ბერლინი უარს ამბობდა კიევისთვის როგორც პირდაპირ, ისე ირიბ სამხედრო დახმარების გაწევაზე. გასულ კვირაში მათ ესტონეთს უარი უთხრეს უკრაინისთვის გადაეცათ გერმანული წარმომავლობის ჰაუბიცები. 

უკრაინის ელჩმა გერმანიაში, ანდრიი მელნიკმა ეს ქმედება შეაფასა, როგორც "სიმბოლური ჟესტი", რომელიც მიღებულია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს არაადეკვატური დახმარებაა, რადგან უკრაინას სჭირდება აღჭურვილობა ასიათასაობით სამხედროსთვის, ჩაფხუტები კი ყველაზე ნაკლებად საჩქარო იყო.

"გვიხარია, რომ აზროვნების ოდნავ ცვლილება მაინც დაიწყეს. თუმცა, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, არის თავდაცვითი იარაღები", – თქვა ელჩმა.

ფაქტი შეაფასა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომაც. კლიჩკოს თქმით ამ ფაქტმა ის უსიტყვოდ დატოვა და ამ ყველაფერს ხუმრობა უწოდა.

უკრაინას თავდაცვით იარაღს აქტიურად აწვდიან დიდი ბრიტანეთი, აშშ და ბალტიის ქვეყნები.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები