კორონავირუსი საქართველოში

სიმპტომები, რჩევები, ტესტები, ბავშვები, სტატისტიკა – თითქმის ყველაფერი ომიკრონის შესახებ

კორონავირუსი საქართველოში

სიმპტომები, რჩევები, ტესტები, ბავშვები, სტატისტიკა – თითქმის ყველაფერი ომიკრონის შესახებ

“ნარატივი, რომ ომიკრონი მსუბუქი შტამია, შეცდომაში შემყვანია. ნუ დაუშვებთ შეცდომას, ომიკრონი ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას იწვევს, სამედიცინო დაწესებულებები კი ნაკლებად მძიმე შემთხვევებითაც იტვირთება” - ეს სიტყვები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს ეკუთვნის. მან დაადასტურა, რომ ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით ნაკლებად მძიმეა, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მსუბუქ ვარიანტად მაინც არ უნდა იყოს კატეგორიზებული.  “განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ იმ ქვეყნების მდგომარეობით, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, რადგან აუცრელი მოქალაქეები მძიმე ავადმყოფობისა და გარდაცვალების მაღალი რისკის წინაშე დგანან” - თქვა მან.

საქართველოში 21 იანვრის მდგომარეობით მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 41.9%-ია ორჯერადად აცრილი, მთლიანად მოსახლეობის - 33.3%. ბუსტერ დოზა კი, რასაც ეპიდემიოლოგები ომიკრონის წინააღმდეგ ფაქტობრივად აუცილებელ იარაღად მიიჩნევენ, მხოლოდ 123 000 ადამიანს აქვს გაკეთებული. ქვეყანაში ჯერჯერობით ოფიციალურად ომიკრონის 1 500-მდე შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ადასტურებს, რომ ახალი შტამი B.1.1.529  ქვეყანაში უკვე დომინანტია. 

“სხვადასხვა მათემატიკური მოდელირებით, ქვეყანაში დადებითი შემთხვევების დაახლოებით 70% მოდის ომიკრონზე. თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და 80%-ია,ხოლო რეგიონში - 40-60%. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ის უკვე დომინანტია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცირკულირებს სხვა შტამებიც” - ამბობს NCDC-ის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

კორონავირუსის ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების რიცხვი საქართველოში 8 000-ს გადასცდა. 21 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში 64 625 აქტიური შემთხვევაა, ხოლო ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი თითქმის 13%. ამ დროისთვის კლინიკებში 4 342 პაციენტი იმყოფება, აქედან მძიმე პაციენტია 992, ხოლო 286 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი შტამი ნაკლები ლეტალობით გამოირჩევა, სპეციალისტების პროგნოზით, უპრეცედენტო გადადების უნარით და შემთხვევების მატების გამო, უახლოეს კვირებში აბსოლუტურ რიცხვებში ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა გაიზრდება. განსაკუთრებული რისკის ქვეშ 60 წელს ზემოთ მოსახლეობა და ქრონიკული დაავადებების (დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მიმდინარე ონკოლოგია, ჭარბი წინა, თირკმლის დაავადებები) მქონე პირები არიან. ამიტომ, ეპიდემიოლოგები და ექიმები მოსახლეობას სასწრაფო ვაქცინაციას ურჩევენ.

“ომიკრონის შეხვედრის ალბათობა ბუსტერიზაციის შემდგომ შემცირებულია, 75% ეფექტიანობა აქვს, მაშინ, როდესაც 2 დოზის მერე ესაა 30-დან 50%-მდე. ბუსტერის შემდგომ სამი თვის განმავლობაში ადამიანს 90%-იანი გარანტია აქვს, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდება და სახლის პირობებში გადაიტანს ინფექციას, რაც არ უნდა რისკის მატარებელი იყოს ასაკით, ქრონიკული დაავადებებით და ა.შ. 90 დღის განმავლობაში არის და შემდგომ 5%-ით ქვეითდება” - ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

ქვეყანა კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკს თებერვალში ელოდება. წინასწარი გათვლებით, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 60 000-ს მიაღწევს, აქედან ლაბორატორიულად დადასტურებული იქნება 20-30% ანუ, დაახლოებით, 10-15 000 ახალი შემთხვევა. NCDC მოსალოდნელი ტალღის შემამსუბუქებლად პირბადეს, დისტანცია, დიდი შეკრებისგან თავის არიდებას, ვაქცინაციას და ბუსტერ დოზას ასახელებს. 

“თუ ჩვენ ვიქნებით ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები და თებერვლამდე, თებრვლის შუა რიცხვებამდე, თებერვლის ბოლომდე ყველა ვატარებთ პირბადეს, 80% მაინც, აღარ ვსაუბრობ 95%-ზე, მაშინ ეს რიცხვი განახევრდება. დღეს პირბადის ტარების მაჩვენებელი 35%-ია, პირდაპირ გვეუბნება პროგნოზირების ინსტიტუტი, რომ თუ ამას ავიყვანთ 80%-ზე, აღარ გექნებათ 12 000-14 000 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ყოველდღიურად, გექნებათ ნახევარი. ერთადერთი, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო – არ ვიხმაროთ ნაჭრის პირბადე. ვიხმაროთ ე.წ სამშრიანი სამედიცინო პირბადე. მაგალითად, მე ვატარებ 2 პირბადეს, ანუ ორმაგს, სამშრიანს” - ამბობს ამირან გამყრელიძე.


რა სიმპტომები აქვს ომიკრონს

ინფექციონისტების განმარტებით, ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელია 5 ძირითადი სიმპტომი: სურდო, ყელის ჩაკაწვრის გრძნობა/ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე, ცემინება. ასევე დამატებით აღინიშნება კოვიდისთვის აქამდე ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები: გულისრევა, ღამით ოფლიანობა, წელის ტკივილი. ნაკლები ინტენსივობისაა ხველა და შედარებით იშვიათია მაღალი ცხელება. ასევე, ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ბოლო ანგარიშის მიხედვით, ომიკრონის დროს, დელტასგან და წინამორბედი შტამებისგან განსხვავებით ყველაზე იშვიათი სიმპტომი ყნოსვის დაქვეითებაა, ყველაზე ხშირი კი - ყელის ტკივილი.

მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკური მოდელირებით ქვეყანაში ომიკრონი უკვე დომინანტი შტამია, ჯერჯერობით, ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ 1 500-მდე შემთხვევაა. ლაბორატორიულად დადასტურება სპეციალური სეკვენირებით ხდება. კერძოდ, პროტოკოლის მიხედვით, ომიკრონის დროს, ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთი გენი, S გენი, არის უარყოფითი. ლაბორატორიები ნიმუშებს, სადაც S გენზე იქნება უარყოფითი მაჩვენებელი, შერჩევითად უგზავნიან ლუგარის ლაბორატორიას შემდგომი კვლევებისთვი, რაც გულისხმობს გენომის დაშლას და შესაბამისი მუტაციების გაშიფვრას. სეკვენირებას 3-დან 5 დღემდე სჭირდება და როგორც NCDC აღნიშნავს, “ეს არ არის იაფი სიამოვნება, როგორც მუშაობის თვალსაზრისით, ისე ფინანსურად”.


რა ხდება ტესტებზე?

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა შეხედულება, რომ ტესტებს ომიკრონის დადგენა ადრეულ ეტაპზე უჭირთ. თუმცა, ეპიდემიოლოგები თანხმდებიან, რომ სწორ დროს ჩატარებული ტესტი, განსაკუთრებით PCR, თითქმის უტყუარ პასუხს იძლევა. გარდა ამისა, NCDC-ის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი სწრაფი ტესტითაა გამოვლენილი. იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების ადრეულ ეტაპზე ანტიგენ ან PCR ტესტმა ცრუ უარყოფითი პასუხი აჩვენა, კლინიცისტები სიმპტომებს აფასებენ. 

“თუ სიმპტომები გვაქვს, ანუ თავს შეუძლოდ ვგრძნობთ, გვაქვს ხველა, ტემპერატურის მომატება და ტესტი არის უარყოფითი, მაინც პირი უნდა იყოს იზოლაციაში, ყველა ვირუსი გადამდებია და შესაძლოა, რისკი იყოს სხვისთვის, ნუ დავიწყებთ იმის ძიებას, როდის იქნება ტესტი დადებითი და შეიძლება, ვიმოძრაოთ თავისუფლად ქუჩაში, სამსახურში და გვქონდეს კონტაქტი სხვებთან, ასეთ დროს მთავარი იქნება, ადამიანი დარჩეს სახლში, არ გავუშვათ ბავშვები სკოლაში თუ არიან ავად და დავიცვათ გავრცელებისგან” - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. 

მისი განმარტებით, ადრეული ეტაპია ინფიცირებიდან I-II დღე, როდესაც დადასტურებული შემთხვევის კონტაქტს აქვს სიცხე და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

“ომიკრონი სწრაფად ვითარდება, ინკუბაციური პერიოდი მოკლე აქვს, თუ პირს ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი და მეორე დღეს აქვს ტემპერატურა. მეორე დღეს, შესაძლოა, ვერ გამოვლინდეს. შედარებით დადებითი, რაც ახასიათებს ომიკრონს, არის ის, რომ ღრმად არ მიდის ფილტვის ქსოვილში და შედარებით ზედაპირზე რჩება - მისი გავრცელების ასეთი ხასიათი განაპირობებს იმას, რომ ზედა სასუნთქი გზებიდან აღებულ ნიმუშებში, ადრეულ ეტაპზე, ვიდრე ვირუსი არ გამრავლდება, მისი გამოვლენა ვერ ხერხდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ტესტი ჩატარდა მეორე და მესამე დღეს, ის ვერ დაიჭერს ომიკრონს, რა თქმა უნდა, შედარებით მოგვიანებით ეტაპზე ამას გააკეთებს” - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

NCDC-ის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, უსიმპტომო პაციენტზე სწრაფი ტესტი ნაკლებად ეფექტიანია და სიმპტომებიდან II-III დღეს “ვირუსს მშვენივრად იჭერს”. მანვე აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს საკვლევი მასალის სწორად აღებას.

“ხანდახან პისიარიც ვერ იჭერს ვირუსს - ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგალითად, შეიძლება, ნიმუშის ამღებმა უბრალოდ, ჩხირი ცხვირში მოუცაცუნოს, ის ღრმად უნდა შევიდეს, ჩხირი ცხვირ-ხახაში უნდა გადავიდეს უკან, ესაა მასალის კარგი აღება და ამასაც აქვს მნიშვნელობა” - ამბობს იმნაძე.

ექიმი, ევროპული საქართველოს მდივანი ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ კალოიანი აღნიშნავს, რომ PCR ტესტს საკმაოდ მაღალი მგრძნობელობა აქვს, მათ შორის ომიკრონის მიმართ და რეგულარულ, ასევე, სწორ დროს გაკეთებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

“სიმპტომებს რაც შეეხება, მესამე დღეს არის ის მგრძნობიარე, ვიდრე წინა დღეებში, თუმცა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, PCR ტესტირება და გარკვეული როლი ანტიგენ ტესტებსაც აქვთ, უნდა ხდებოდეს თითქმის ყოველდღიურად. გავრცელებული იდეა, რომ ტესტს აზრი არ აქვს და საერთოდ ვერ იგებს - ეს ასე არაა” - ამბობს კალოიანი.

აღსანიშნავია, რომ უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის სწრაფი ტესტით დაუდასტურდებათ COVID-19, ასევე სიმპტომიან პაციენტებს, რომლებსაც ანტიგენის სწრაფი ტესტით არ დაუდასტურდებათ კორონავირუსი, დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე.

“მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, COVID-19-ის ინფიცირების სტატუსის დადასტურების მიუხედავად, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ქვეყანაში არსებული იზოლაციის წესები, რათა არ გახდნენ როგორც აღნიშნული, ასევე სხვა რესპირატორული ინფექციების გავრცელების წყარო".- ვკითხულობთ NCDC-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუ ინფიცირებული ხართ და სახლში მკურნალობთ

წინასწარი გათვლებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი თებერვლის პირველ დეკადაში ათეულობით ათას ახალ შემთხვევას ელოდება. ეს ნიშნავს, რომ გაიზრდება აქტიური შემთხვევების რიცხვი და ძირითადი მოთხოვნა ონლაინ კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის რგოლზე იქნება. 

ჯანდაცვის სპეციალისტების რჩევებით, ვირუსის დადასტურების შემდეგ, აუცილებლად უნდა გქონდეთ კავშირი ჯანდაცვის სისტემასთან - კლინიკასთან, 112-თან ან 15 05-თან და მათი რეკომენდაციები მიიღოთ. ასევე, თუ COVID 19 დაგიდასტურდათ, შეგიძლიათ 112-ში დარეკვისა და სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად პორტალზე –  https://er.moh.gov.ge/ დარეგისტრირდეთ, რომელსაც 112 დაამუშავებს და შემდგომი მონიტორინგისათვის გადასცემს ოჯახის ექიმს.

ექიმის, ვახო კალოიანის რეკომენდაციით, სახლში ყოფნისას, აუცილებელია სითხის ზომიერზე ოდნავ მეტის მიღება, აქტიური ყოფა, თუკი ფიზიკურად ამის შესაძლებლობაა და პირველივე რესპირატორული სიმპტომის ან შეუპოვარი ცხელების პირობებში დაკავშირება სამედიცინო სამსახურებთან.

“თუ მსუბუქად მიდის ეს ყველაფერი, დაბალი სიცხით, 3 დღის შემდეგ გადის რესპირატორული სიმპტომები და არ გვაქვს ინტოქსიკაციის ნიშნები, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის სახლში მოვლა ჩვეულებრივი ამბავია და წარმატებით დამთავრდება. მნიშვნელოვანია, არ გამოგვეპაროს გაუარესების სიმპტომები, როდესაც მოქალაქეები შეამჩნევენ რაიმე უჩვეულოს, ახალს, ან უკვე მორჩენილი ცხელების კიდევ ხელახლა დაბრუნებას რამდენიმე დღეში, მაშინ დროულად უნდა მიმართონ ჯანდაცვის სისტემას. დამძიმების პირველივე ნიშნების შემთხვევაში თვითმკურნალობაზე უნდა ვთქვათ უარი და მივმართოთ ჯანდაცვის სიტემას. შეიძლება, სულარ იყოს აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ მიიღებთ კვალიფიცირებულ რეკომენდაციას და ყველა შესაძლო რისკებს გამორიცხავთ” - ამბობს ვახო კალოიანი.

ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განმარტებით, საყურადღებო სიმპტომები, რომლის დროსაც ინფიცირებულმა სამედიცინო დახმარება უნდა გამოიძახოს, არის გულმკერდის არეში ტკივილი და ზეწოლა, გამოფხიზლების გაძნელება, მნიშვნელოვნად გამოხატული ქოშინი. მისივე თქმით, სიცხე, თუნდაც მაღალი, ჩვეულებრივი სიმპტომია და არ ნიშნავს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. 

"ომიკრონისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია ძლიერი ყელის ტკივილი, რაც ადამიანებს ძალიან აშინებთ. ტკივილი მართლად ძალიან შემაწუხებელია, მაგრამ როგორც წესი, არავითარ გართულებებს არ იწვევს და რამდენიმე დღე თუ მოითმენთ, აუცილებლად გაივლის. შეიძლება დავეხმაროთ გამაყუჩებლებით და სავლებით" - ამბობს ინფექციონისტი . 

იზოლაციისა და კარანტინის ვადები

17 იანვრიდან საქართველოში კარანტინის და იზოლაციის წესები შემცირდა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, ომიკრონით ინფიცირებულს, რომელსაც სიმპტომები არ აქვს, ხუთი დღის შემდეგ შეუძლია იზოლაციის დასრულება, საქართველოში ეს ვადა - რვა დღეა. რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, მათ მინიმუმ 10 დღით მოუწევთ იზოლაციაში ყოფნა. აქედან ბოლო 24 საათი სიმპტომების გარეშე უნდა იყოს.

ვადები ინფიცირებულის კონტაქტების შემთხვევაშიც მცირდება და მსუბუქდება. თუ კონტაქტი სრულად ვაქცინირებულია (მეორე დოზიდან გასულია მინიმუმ 14 და მაქსიმუმ 90 დღე ან გაკეთებული აქვს ბუსტერ-დოზა), მას იზოლაციის ვალდებულება ეხსნება. რაც შეეხება არავაქცინირებულ პირებს, აქ მაინც რჩება რეკომენდაცია, კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში დარჩნენ კარანტინში. ასევე, მათ 9-12 დღის პერიოდში უნდა გამოიყენონ პირბადე. 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით, იზოლაცია აღარ შეეხება აცრილ (14-90 დღის პერიოდში) კონტაქტებს, ექიმი ვახო კალოიანი მათ მაინც სახლში დარჩენას ურჩევს. 

“სადაც შესაძლებელია, თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ შეთავაზება და რჩევა, რომ გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. ეს არის ერთერთი მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი ჩვენი მოქალაქეების დაცვის. როგორც კი ინფიცირებული გვეყოლება მით უმეტეს.  ძალიან მნიშვნელოვანია სამსახურებში ნიღბის გამოყენება დახურულ სივრცეში, ხშირი განიავება დახურული სივრცის და იქაც, მაქსიმალურად დისტანციის დაცვა, რომ დახურულ სივრცეში ბევრი ადამიანი ერთად შეჯგუფებული არ იყოს. თუ ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ინფექცია, რა თქმა უნდა, სხვა თანამშრომლები უნდა გადავიდნენ იზოლაციაში 5-7 დღის ვადით და შემდეგ არის მართვა ძალიან მნიშვნელოვანი - მეშვიდე დღეს ტესტირება და ნიღბის გამოყენება, როცა გამოვლენ იზოლაციიდან, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი” - ამბობს ვახტანგ კალოიანი.


ომიკრონი, ბავშვები და სკოლები

ზამთრის არდადეგების შემდეგ, სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ამ მხრივ რეგულაციები არ განიხილება. 

სკოლების მთავარი რისკი აუცრელი პოპულაციაა - მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის ნაწილი და ბავშვები, რომელთა აცრა  საქართველოში 12 წლამდე არც ხდება. ოფიციალური სტატისტიკით, 12-15 წლის ასაკობრივ კატეგორიაშიც მხოლოდ .2 553 ბავშვია აცრილი (1.44%), ხოლო 16-17 წლის მოზარდებში - 13.21% (10 714 მათგანი).

“აუცრელი პოპულაციის გარკვეული ნაწილი არის ყველაზე დიდი არეალი და გასაქანი -  სწრაფი, ელვისებური და ხანძრისებური გავრცელების პოტენციის მქონე ვირუსისთვის.  მინიმალური სიმპტომების მქონე ბავშვიც არ უნდა გაუშვას მშობელმა [სკოლაში] ჩვენ ვიცით, ეს პრობლემები არსებობს, როდესაც მშობელს ბავშვის სახლში დატოვების პრობლემა აქვს, ამიტომ, ჩვენ შევეცადოთ, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას” - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი. 

NCDC-ის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, სანამ შესაძლებელია სკოლაში სიარული, ბავშვებმა უნდა იარონ, რადგან ომიკრონზე უფრო მეტი ზიანი ბავშვებს, შეიძლება, იზოლაციამ მიაყენოს.

“არჩევანი არის ყველა სკოლაში - მშობელი თუ გადაწყვეტს, შეუძლია, ბავშვი ჰყავდეს ონლაინ, მაგრამ მე პირადად ვთვლი, რომ სანამ შესაძლებელია სკოლაში სიარული, [იარონ]. წერტილოვანი შეზღუდვები ყველგან კეთდება, თუ სადმე რამე არის, კლასი იხურება, ზოგჯერ, სკოლაც. რა სჯობს ბავშვისთვის, რომელი უფრო მაღალი რისკის შემცველია ბავშვის განვითარებისთვის - ეს არის ყველაფერი გასარკვევი” - თქვა მან.

სტატისტიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ომიკრონის დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5%-დან 10%-მდე, ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის მტკიცებით კი, ეს რიცხვი 4%-ის ფარგლებშია.

“თუ დელტა შტამის შემთხვევაში, სადაც ყველაზე ვერაგი იყო და სადაც ყველაზე მეტი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები იყო, საშუალოდ, აქტიური შემთხვევების 20% ხვდებოდა ჰოსპიტალში, დღევანდელი სტატისტიკით და აშშ-ს და ევროპული ქვეყნების ანალიზიდან გამომდინარე, ეს მაჩვენებელი შეიძლება იყოს 4%-ის ფარგლებში ანუ აქტიური შემთხვევების 4% შეიძლება მოხვდეს ჰოსპიტალში. ამ პროცესს სრულად ვმართავთ” - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

თუმცა, ჯანდაცვის მინისტრს არ გაუთვალისწინებია აცრილების სტატისტიკა. ამერიკასაც და ევროკავშირსაც მოსახლეობის უმრავლესობა უკვე აცრილი ჰყავს, მათ შორის, მესამე დოზითაც. საქართველოში კი, სრულად მოსახლეობის მესამედიც კი არაა აცრილი, ხოლო ბუსტერ დოზა მხოლოდ 2%-ს აქვს მიღებული.

ომიკრონის ლაბორატორიულად დადასტურებული (1 500-მდე) შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 ადამიანს დასჭირდა, ხოლო რეანიმაცია - არავის. თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ ომიკრონით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი იყო ვაქცინირებული, ჰქონდათ ასევე ბუსტერ დოზაც გაკეთებული. მისი შეფასებით, სწორედ ვაქცინაცია ხსნის ჰოსპიტალიზაციის დაბალ მაჩვენებელს.

ჯერჯერობით, ომიკრონს რომ ნამდვილად მსუბუქი სიმპტომები ახასიათებს, სტატისტიკაც აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური შემთხვევები ბოლო ათ დღეში 27 000-ით არის გაზრდილი (37 000-დან 64 000-მდე), ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 89-ით არის შემცირებული (11 იანვარს კლინიკებში მკურნალობდა 4 431 პაციენტი, 21 იანვარს - 4 342). 11 იანვარს მძიმე პაციენტი იყო 1 083, 21 იანვარს კი, ეს რიცხვი - 992-ია.

თუმცა, აქტიური შემთხვევების ზრდის პარალელურად, იმატებს პედიატრიული განყოფილებების პაციენტების რაოდენობა. 21 იანვრის მდგომარეობით, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ყველა ადგილი შევსებულია. დაკავებულია 175-ვე საწოლი - მათ შორის რეანიმაციაში. ციციშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება სამი ბავშვი - აქედან ერთი ახალშობილი, ორი კი - 5 და 11 წლის.

რამდენად გაიზრდება ან შემცირდება დაავადებულთა რიცხვი, ეს ახალი შტამის სიძლიერესა და ადამიანების იმუნურ სტატუსზეა დამოკიდებული, ასევე იმაზე, რამდენად იქნება გათვალისწინებული რეკომენდაციები - პირბადე, დისტანცია, დიდი შეკრებებისგან თავის არიდება, ბუსტერი. ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, რაც უფრო მეტი იქნება სამი დოზით ვაქცინირებული ადამიანი, თებერვალი მით უფრო ნაკლებად მძიმე გვექნება.

დაასრულებს ომიკრონი პანდემიას?

მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონის სწრაფ გავრცელების შემდეგ, გაჩნდა იმედი, რომ შესაძლოა, ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისი ყოფილიყო, WHO-ს დირექტორი ხაზგასმით აცხადებს, რომ “პანდემია დასასრულთან ახლოსაც არ არის”. მისი ვარაუდით, მსოფლიოს მასშტაბით ომიკრონის წარმოუდგენელი ტემპით გავრცელების გამო, ახალი ვარიანტებიც წარმოიქმნება, რის გამოც დაკვირვება და შეფასება კრიტიკულად მნიშვნელოვნად რჩება. 

“მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის ჯანმოს ევროპის რეგიონში ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა ოდნავ შემცირებულია, საქმე გვაქვს COVID-19 შემთხვევების ძლიერ ზრდასთან. მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი სწრაფად ვრცელდება, COVID-19-ის არსებული შემთხვევების უმეტესობა ჯერ კიდევ დელტა ვარიანტითაა გამოწვეული, რომელიც, როგორც ცნობილია, იწვევს დაავადების მძიმე ფორმებსა და სიკვდილს. იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონი გახდა ან ხდება დომინანტური ვარიანტი, ადგილი აქვს COVID-19-ის შემთხვევების გაორმაგებას ყოველი 1.5-დან 3 დღეში ერთხელ – შედეგად ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც სწრაფად იზრდება. პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია, რომ მივაღწიოთ ვაქცინაციის უფრო მაღალ დონეს რისკ-ჯგუფებში ჯანმოს ევროპის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. საქმე ეხება ვაქცინის თანასწორ გადანაწილებას როგორც ქვეყნებს შორის, ისევე ქვეყნების შიგნით და ეს უნდა გულისხმობდეს ყველა მოწყვლადი ჯგუფისა და სამედიცინო პერსონალის პრიორიტეტულად ვაქცინაციას” - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები