კორონავირუსი მსოფლიოში

ჰანს კლუგე: შესაძლებელია, რომ ევროპა პანდემიის ერთგვარი დასასრულისკენ მიდის

ჰანს კლუგე
Aytug Can Sencar/Anadolu Agency/Getty Images

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორის, ჰანს კლუგეს თქმით, ომიკრონის გავრცელებით Covid-19-ის პანდემია ახალ ფაზაში გადავიდა და შეიძლება, ევროპაში დასრულდეს.

"შესაძლებელია, რომ რეგიონი პანდემიის ერთგვარი დასასრულისკენ მიდის." – თქვა ჰანს კლუგემ AFP-სთან ინტერვიუში. 

კლუგემ აღნიშნა, რომ მარტისთვის ომიკრონით შესაძლოა, ევროპელების 60% ინფიცირდეს. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ომიკრონის მიმდინარე ტალღა ჩაივლის, რამდენიმე კვირის და თვის განმავლობაში გლობალური იმუნიტეტი იარსებებს, რომელიც ადამიანებს აცრისგან ან ინფექციის გადატანისგან გამოუმუშავდათ.

"ჩვენ ველით, რომ იქნება წყნარი პერიოდი, სანამ წლის ბოლოს Covid-19-ი დაბრუნდება, ოღონდ არა პანდემიის სახით." – თქვა კლუგემ.

თუმცა კლუგეს თქმით, ჯერ ადრეა, რომ Covid-19 ენდმიად განვიხილოთ.

"ბევრი საუბრობს ენდემიაზეა, მაგრამ ენდემია ნიშნავს, რომ შესაძლებელია იმის პროგნოზირება, რა მოხდება. ამ ვირუსმა არაერთხელ გაგვაოცა და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ." – თქვა კლუგემ.

კლუგეს თქმით, ომიკრონის ასეთი სწრაფი გავრცელების პირობებში ახალი ვარიანტი, შესაძლოა, კიდევ გამოჩნდეს. ომიკრონი ევროკავშირში და ევროპულ ეკონომიკურ ზონაში დომინანტური ვარიანტია. კლუგეს თქმით, პრიორიტეტი ევროპაში მდგომარეობის სტაბილიზაციაა. ევროპის ქვეყნებში განსხვავებულია ვაქცინაციის მაჩვენებელი და 25-95%-მდე მერყეობს, რაც საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის სისტემაზე განსხვავებულ წნეხს იწვევს.​ კლუგეს განმარტებით, სტაბილიზება ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემა აღარ არის გადატვირთული Covid-19-ით და შეუძლია ჩვეულ რეჟიმში მუშაობა.

კომენტარები