ღამის კლუბები

კლუბები: მუშაობს განვაახლებთ, როცა ვირუსის გავრცელების პიკი დაღმასვლას დაიწყებს, 4-5 მარტს

კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისის საკლუბო სივრცეების, გაერთიანებებისა და ფესტივალების წარმომადგენლებმა და არტისტებმა ერთობლივი განხილვით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მუშაობას განაახლებენ, როცა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პიკი დაღმასვლას დაიწყებს. გაერთიანების განცხადებით, საერთაშორისო გამოცდილებით, ეს პერიოდი 45 დღეს მოიცავს და 2022 წლის 4-5 მარტის შაბათ-კვირას ემთხვევა.

"უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სცენის წარმომადგენლებს აღარ გვაქვს ფუფუნება, რომ კვლავ გაურკვეველი ვადით და უთანასწორო პირობებით ველოდოთ ხელისუფლებისგან შემდგომი გახსნის თარიღებს. ამიტომ, საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობამ, თბილისის საკლუბო სივრცეების, გაერთიანებებისა და ფესტივალების წარმომადგენლებმა და არტისტებმა, ერთობლივი განხილვით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი პროტოკოლით განვაახლოთ საქმიანობა მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების პიკი დაიწყებს დაღმასვლას. როგორც აღვნიშნეთ, საერთაშორისო გამოცდილებით ეს პერიოდი მოიცავს 45 დღეს და ემთხვევა 2022 წლის 4-5 მარტის შაბათ-კვირას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს გააზრებული აქვთ ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის მნიშვნელობა, და სწორედ ამიტომ, ჩვენს შორის თანამშრომლობა და აღნიშნულ პერიოდში გახსნის პროტოკოლის შეთანხმება თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებზე იქნება დამყარებული, რაც ყოველ მიზეზგარეშე გამორიცხავს ჩვენს მიმართ კიდევ ერთი დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებას". – ნათქვამია გაერთიანების განცხადებაში.

მათივე ცნობთ, საკლუბო სივრცეები დაისახავენ ჯანდაცვისა და უსაფრთხოების შესაბამის გზებს სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებული პანდემიის მართვის თანასწორი გეგმის პირობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაერთიანება აცხადებს, რომ კვლავ მზად არიან "პრინციპულად, თანმიმდევრულად და სამართლიანად" დაიცვან მათი და მათი სტუმრების უფლებები.

მას შემდეგ, რაც კლუბებმა გავრცელეს ინფორმაცია, რომ 14-15 იანვარს ზამთრის ბოლო ღონისძიებებს გამართავდნენ და საკუთარი გადაწყვეტილებით დროებით დაიხურებოდნენ, მთავრობამ საკლუბო სივრცეებს ამ დღეებში მუშაობის უფლება მისცა. მთავრობამ ღამის კლუბებს მუშაობის უფლება 31 დეკემბერს, 1 იანვარსა და 7-9 იანვარსაც მისცა.

23 დეკემბერს თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ "ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად" გააგრძელებენ მუშაობას კორონავირუსის "მინიმუმამდე გავრცელების მექანიზმით". მათივე თქმით, დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმების მიზნით, მთავრობა საკლუბო სივრცეების მეიჯარეებს მოსთხოვეს, რომ თავად მეიჯარეებმა არ დაუშვან კლუბების გახსნა.

19 დეკემბერს შრომის ინსპექციამ განაცხადა, რომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება შესაძლო რისკების, მათ შორის, შტამ ომიკრონის გავრცელების სწრაფი შესაძლებლობისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის შემდეგ იქნება მიღებული. იქამდე კი, 17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბებში ღონისძიებებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა, რომ ღონისძიებების ჩატარება ნებადართული არ იყო.

კომენტარები