ღამის კლუბები

KHIDI და BASSIANI ბოლო ღონისძიებებს გამართავენ – კლუბები დროებით დაიხურება

KHIDI

კლუბებმა, KHIDI-მა და BASSIANI-მა დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. კლუბები გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ბოლო ღონისძიებებს 14-15 იანვარს გამართავენ.

"ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, რომელშიც კლუბების წვლილი მინიმალურია, არ გვაძლევს თავაწეულად და სრულფასოვნად ფუნქციონირების საშუალებას. 22-თვიანი უმძიმესი პაუზის შემდეგ, მხოლოდ სამი კვირის მანძილზე შევძელით მუშაობა, ისიც უდიდესი წნეხის ფონზე. ამ სამი კვირის განმავლობაში ვიჩენდით მაღალ პასუხისმგებლობას და ზედმიწევნით ვიცავდით გამკაცრებულ კარის პოლიტიკას, კლუბის სტუმრებისთვის უსაფრთხო სივრცეში მოსახვედრად.

ყველაფრის მიუხედავად, დანარჩენ კლუბებთან ერთად მივიღეთ უმძიმესი, დახურვის გადაწყვეტილება". – ნათქვამია KHIDI-ს განცხადებაში.

BASSIANI-ს განცხადებით, 14 და 15 იანვარს დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდება, რაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ბოლო წვეულებები იქნება.

"სამწუხაროდ, შემდეგი პერიოდის განმავლობაში მოგვიწევს დაველოდოთ ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების დინამიკას და მის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ, ქმედით საშუალებებს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მომდევნო თვეების დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით მივიღოთ.

BASSIANI/HOROOM ყოველთვის იდგა პასუხისმგებლობის მქონე, ზრუნვასა და უსაფრთხო სივრცის იდეაზე და დარწმუნებული ვართ, რომ ამ იდეის მნიშვნელობა გააზრებული აქვს კლუბის ერთგულ სტუმრებსა და გულშემატკივრებს". – ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობამ ღამის კლუბებს 31 დეკემბერს, 1 იანვარსა და 7-9 იანვარს მუშაობის უფლება მისცა.

25 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბი MTKVARZE დალუქა. 24 დეკემბერს ინსპექცია მივიდა კლუბ BASSIANI-ის დასალუქადაც, თუმცა, ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომლებიც კლუბებისადმი უსამართლო დამოკიდებულებას აპროტესტებენ, უწყებას იქ შესვლის საშუალება არ მისცეს. შრომის ინსპექციამ კლუბი 10 000 ლარით დააჯარიმა.

23 დეკემბერს თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ "ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად" გააგრძელებენ მუშაობას კორონავირუსის "მინიმუმამდე გავრცელების მექანიზმით". მათივე თქმით, დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმების მიზნით, მთავრობა საკლუბო სივრცეების მეიჯარეებს მოსთხოვეს, რომ თავად მეიჯარეებმა არ დაუშვან კლუბების გახსნა.

17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბებში ღონისძიებებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა, რომ ღონისძიებების ჩატარება ნებადართული არაა. საქართველოს კლუბების ასოციაციის განცხადებით, 17-18 დეკემბრის ღონისძიებები სწორედ შრომის ინსპექციის სამსახურთან შეთანხმების შედეგად დაიგეგმა. მიუხედავად ინსპექციის ამ განცხადებისა, ღონისძიებები მაინც ჩატარდა, თუმცა, 18 დეკემბერს, ღამის კლუბების წარმომადგენლებმა, შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 18 დეკემბერს დაგეგმილი წვეულებები ერთი კვირით გადადებულიყო და ამას "ბოლო კომპრომისი" უწოდეს. 

19 დეკემბერს შრომის ინსპექციამ განაცხადა, რომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება შესაძლო რისკების, მათ შორის, შტამ ომიკრონის გავრცელების სწრაფი შესაძლებლობისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის შემდეგ იქნება მიღებული.

კომენტარები