ღამის კლუბები

მთავრობამ კლუბებს 7 იანვრიდან 9 იანვრის 06:00-მდე მუშაობის უფლება მისცა

საქართველოს მთავრობამ ღამის კლუბებს 2021 წლის 7 იანვრიდან 9 იანვრის 06:00 საათამდე მუშაობის უფლება მისცა.  

იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები 6 იანვარს შევიდა და 7 იანვარს ამოქმედდა.

"დასაშვებია 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ელექტრონული მუსიკის მოსასმენი სივრცეებისა და ღამის კლუბების საქმიანობა, "სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით". - ვკითხულობთ დოკუმენტში.  

მთავრობამ ღამის კლუბებს მუშაობის უფლება 31 დეკემბერსა და 1 იანვარსაც მისცა.  

25 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბი MTKVARZE დალუქა. 24 დეკემბერს ინსპექცია მივიდა კლუბ BASSIANI-ის დასალუქადაც, თუმცა, ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომლებიც კლუბებისადმი უსამართლო დამოკიდებულებას აპროტესტებენ, უწყებას იქ შესვლის საშუალება არ მისცეს. შრომის ინსპექციამ კლუბი 10 000 ლარით დააჯარიმა.

23 დეკემბერს თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ "ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად" გააგრძელებენ მუშაობას კორონავირუსის "მინიმუმამდე გავრცელების მექანიზმით". მათივე თქმით, დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმების მიზნით, მთავრობა საკლუბო სივრცეების მეიჯარეებს მოსთხოვეს, რომ თავად მეიჯარეებმა არ დაუშვან კლუბების გახსნა.

17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბებში ღონისძიებებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა, რომ ღონისძიებების ჩატარება ნებადართული არაა. საქართველოს კლუბების ასოციაციის განცხადებით, 17-18 დეკემბრის ღონისძიებები სწორედ შრომის ინსპექციის სამსახურთან შეთანხმების შედეგად დაიგეგმა. მიუხედავად ინსპექციის ამ განცხადებისა, ღონისძიებები მაინც ჩატარდა, თუმცა, 18 დეკემბერს, ღამის კლუბების წარმომადგენლებმა, შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 18 დეკემბერს დაგეგმილი წვეულებები ერთი კვირით გადადებულიყო და ამას "ბოლო კომპრომისი" უწოდეს. 

19 დეკემბერს შრომის ინსპექციამ განაცხადა, რომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება შესაძლო რისკების, მათ შორის, შტამ ომიკრონის გავრცელების სწრაფი შესაძლებლობისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის შემდეგ იქნება მიღებული.

კომენტარები