ღამის კლუბები

ღამის კლუბებს 14 და 15 იანვარს მუშაობის უფლება მიეცათ

საქართველოს მთავრობამ 14 და 15 იანვარს ღამის კლუბებს მუშაობის უფლება მისცა. შესაბამისი ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ დადგენილებაში დღეს, 14 იანვარს შევიდა.

" 2022 წლის 14 იანვრიდან 2022 წლის 16 იანვრის 06:00 საათამდე ამ მუხლის მე-6 პუნქტის შეზღუდვა არ გავრცელდეს ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებზე". – ვკითხულობთ დადგენილებაში.

დღესვე, კლუბებმა, KHIDI-მა და BASSIANI-მა დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

კლუბები გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ბოლო ღონისძიებებს 14-15 იანვარს გამართავენ.

მთავრობამ ღამის კლუბებს 31 დეკემბერს, 1 იანვარსა და 7-9 იანვარს მუშაობის უფლება მისცა.


25 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბი MTKVARZE დალუქა. 24 დეკემბერს ინსპექცია მივიდა კლუბ BASSIANI-ის დასალუქადაც, თუმცა, ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომლებიც კლუბებისადმი უსამართლო დამოკიდებულებას აპროტესტებენ, უწყებას იქ შესვლის საშუალება არ მისცეს. შრომის ინსპექციამ კლუბი 10 000 ლარით დააჯარიმა.

23 დეკემბერს თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ "ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად" გააგრძელებენ მუშაობას კორონავირუსის "მინიმუმამდე გავრცელების მექანიზმით". მათივე თქმით, დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმების მიზნით, მთავრობა საკლუბო სივრცეების მეიჯარეებს მოსთხოვეს, რომ თავად მეიჯარეებმა არ დაუშვან კლუბების გახსნა.

17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბებში ღონისძიებებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა, რომ ღონისძიებების ჩატარება ნებადართული არაა. საქართველოს კლუბების ასოციაციის განცხადებით, 17-18 დეკემბრის ღონისძიებები სწორედ შრომის ინსპექციის სამსახურთან შეთანხმების შედეგად დაიგეგმა. მიუხედავად ინსპექციის ამ განცხადებისა, ღონისძიებები მაინც ჩატარდა, თუმცა, 18 დეკემბერს, ღამის კლუბების წარმომადგენლებმა, შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 18 დეკემბერს დაგეგმილი წვეულებები ერთი კვირით გადადებულიყო და ამას "ბოლო კომპრომისი" უწოდეს. 

19 დეკემბერს შრომის ინსპექციამ განაცხადა, რომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება შესაძლო რისკების, მათ შორის, შტამ ომიკრონის გავრცელების სწრაფი შესაძლებლობისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის შემდეგ იქნება მიღებული.

კომენტარები